„ლეხი“ სასწაულთან ახლოს იყო - ქართველების გუნდმა „ფიორენტინა“ დაამარცხა, მაგრამ კონფერენს ლიგას დაემშვიდობა #1TVSPORT
პოზნანის „ლეხი“, სადაც ორი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, კონფერენს ლიგაზე ახლოს იყო დიდ სენსაციასთან – მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრას გასვლაზე „ფიორენტინასთან“ 3:0-ს იგებდა, მაგრამ საბოლოოდ გათამაშებას გამოეთიშა.
„ფიორენტინამ“ პირველი მატჩი პოზნანში 4:1 მოიგო და განმეორებით შეხვედრას გამარჯვებულის რანგში შეხვდა, მაგრამ იტალიელებს შინ „სტადიო არტემიო ფრანკიზე“ დიდი და უსიამოვნო სიურპირიზი ელოდათ.
ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი პოლონეთის ჩემპიონის განაცხადში იყვნენ, მაგრამ მხოლოდ პირველმა ითამაშა – კვეკვესკირი მოედანზე მატჩის მიწურულს, 82-ე წუთზე გამოჩნდა და (87-ე წუთზე) ყვითელი ბარათი მიიღო.
ანგარიში მეცხრე წუთზე პოლონელების პორტუგალიელმა ნახევარმცველმა, აფონსო სოუზამ გახსნა. მეორე ტაიმში საოცრებები მოხდა. 64-ე წუთზე პოლონელებმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც კრისტოფერ ველდემ გამოიყენა, ხოლო 69-ე წუთზე არტურ სობიეჩმა პოლონელების უპირატესობა სამადე გაზარდა – 0:3.
ამ ანგარიშით საერთო შედეგი გათანაბრდა (4:4), მაგრამ ბოლო წუთებზე იტალიელებმა მიზანს მაინც მიაღწიეს. 78-ე წუთზე „ლეხის“ კარი რიკარდო სოტილიმ აიღო, 90+2-ზე კი – გაეტანო კასტროვილიმაც და შეხვედრა 2:3 დასრულდა. ორი მატჩის ჯამში 6:4 (4:1, 1:3) გამარჯვება და კონფერენს ლიგის ნახევარფინალის საგზური იტალიელებმა მოიპოვეს.