ლეიკერსმა ისევ წააგო, ლებრონი შესაძლოა პლეი-ოფში ვერ მოხვდეს
10:18, 26.02.2019
ლოს ანჯელეს „ლეიკერსი“ სერიოზულ კრიზისშია. ლებრონ ჯეიმსმა შესაძლოა პლეი-ოფში ვერ ითამაშოს. მისი გუნდი დასავლეთ კონფერენციაში 11-ე ადგილზეა და საუკეთესო რვაში მოხვედრის არცთუ მაღალი შანსი აქვს. კალიფორნიელებმა დღეს ერთ-ერთ აუტსაიდერს, „მემფის გრიზლის“ ვერაფერი მოუხერხეს და სტუმრად, „ფედექს ფორუმში“, ანგარიშით 105:110 წააგეს.
ლებრონის სამმაგი დუბლი (24 ქულა, 12 მოხსნა, 11 პასი) და ბრენდან ინგრამის 32 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა მეტოქის დასამარცხებლად. „ლეიკერსმა“ ისევ ბევრი შეცდომა დაუშვა დაცვაში. მასპინძელთა ლიდერმა მაიკლ კონლიმ ეს შეცდომები მოწინააღმდეგეს არ აპატია და 30 ქულა ჩაუგდო. დამაჯერებელი იყო იონას ვალანჩუნასი. „გრიზლის“ ლიეტუველმა ცენტრმა, 20 ქულით და 13 მოხსნით, ორმაგი დუბლი გაიფორმა. დღესვე თავისი შეხვედრა მოიგო ლოს-ანჯელესის მეორე გუნდმა, „კლიპერსმა“. „დალას მავერიქსი“ მათ ანგარიშით 121:112 დაამარცხეს და პლეიოფის საგზურისთვის ბრძოლაში თანაქალაქელ „ლეიკერსს“ უკვე ხუთი მოგებით უსწრებენ.
ლუკ უოლტონის გუნდს მინესოტა „ტიმბერვულვზიც“ დაეწია. მინიაპოლისელებმა საკუთარ „თარგეტ ცენტრში“ კიდევ ერთი უშუალო კონკურენტი – „საკრამენტო კინგზი“, ანგარიშით 112:105 დაამარცხეს. გაიბრწყინა კარლ ენტონი თაუნსმა. მასპინძელთა ცენტრმა 34 ქულა, 21 მოხსნა, 5 გადაცემა და 2 დაფარება მიითვალა პირად აქტივში. „ტიმბერვულვზს“ და „ლეიკერსს“ მოგება-წაგების თანაბარი მაჩვენებლები მოუგროვდათ (29:31). მინესოტა მომდევნო შეხვედრას ატლანტაში, ადგილობრივი „ჰოქსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს, „ლეიკერსი“ კი საკუთარ „სტეიპლზ ცენტრში“ ნიუ ორლეანს „პელიკანსს“ მიიღებს.