„ლეიკერსმა“ „გოლდენ სტეიტთან“ სერიაში სერიოზული უპირატესობა მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალური სერიის მეოთხე შეხვედრაში „ლეიკერსმა“ საკუთარ მოედანზე „გოლდენ სტეიტი“ მიიღო, 104:101 გაიმარჯვა და სერიაში 3:1 დაწინაურდა.

კალიფორნიაში გამართული მატჩი ძალიან სანახაობრივი და დრამატული გამოვიდა. გუნდებს გარდამავალი უპირატესობა ჰქონდათ და ყველაზე დიდი სხვაობა მესამე მეოთხედში დაფიქსირდა, როცა „გოლდენ სტეიტი“ 12 ქულით დაწინაურდა, თუმცა კალიფორნიელებმა დაბრუნება სწრაფადვე მოახერხეს.

„ლეიკერსის“ მხრიდან საუკეთესო ლებრონ ჯეიმსი იყო. მან 27 ქულა, 9 მოხსნა და 6 შედეგიანი პასი დააგროვა. ენტონი დევისს 23 ქულა და 15 მოხსნა ჰქონდა, ოსტინ რივსს – 21 ქულა. ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი კი „ლეიკერსის“ წარმატებაში ლონი ვოლკერმა ითამაშა, რომელმაც მეოთხე მეოთხედში 15 ქულას მოუყარა თავი. აქამდე ეს კალათბურთელი დიდ დროს მწვრთნელისგან ვერ იღებდა.

„გოლდენ სტეიტის“ რიგებში გამორჩეული იყო სტეფ კარი, მან სამმაგი დუბლი შეასრულა (31 ქულა, 10 მოხსნა, 14 შედეგიანი პასი). ასევე ნაყოფიერად გაისარჯნენ ენდრიუ უიგინსი (17 ქულა) და გარი პეიტონი (15 ქულა). ამ გუნდების მორიგი, მეხუთე შეხვედრა 11 მაისს „გოლდენ სტეიტის“ საშინაო არენაზე გაიმართება.

აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა „მაიამი ჰიტმა“. ერიკ სპოელსტრას გუნდმა ნახევარფინალური სერიის მეოთხე შეხვედრაში „ნიუ იორკ ნიქსი“ 109:101 დაამარცხა და სერიაში 3:1 დაწინაურდა. მასპინძელებს ისევ ჯიმი ბატლერმა ულიდერა (27 ქულა, 6 მოხსნა, 10 შედეგიანი პასი), ხოლო შეხვედრის საუკეთესო ბომბარდირი „ნიქსის“ უკანახაზელი ჯალენ ბრანსონი გახდა (32 ქულა, 11 შედეგიანი პასი). გუნდების მორიგ დაპირისპირებას 11 მაისს „ნიუ იორკი“ უმასპინძლებს.