„ლეიკერსმა“ ანგარიში გაათანაბრა, „მილუოკიმ“ „ჰითს“ პირველი მარცხი აგემა [ვიდეო]
11:48, 07.09.2020
„ლეიკერსმა“ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში ანგარიში გაათანაბრა. ლოს ანჯელესელებმა „ჰიუსტონს“ სერიის მეორე შეხვედრაში რვა ქულის სხვაობით – ანგარიშით 117-109 სძლიეს.
ფრენკ ფოგელის გუნდში ყველაზე შედეგიანი 34 ქულითა და 10 მოხსნით ენტონი დევისი გამოდგა. ლებრონ ჯეიმსმა 28 ქულითა და 11 მოხსნით ასევე ორმაგი დუბლი გაიფორმა. მას სამმაგ დუბლამდე ერთი პასი დააკლდა.
„როკეთსის” რიგებში ყველაზე მეტი – 27 ქულა ჯეიმს ჰარდენის ანგარიშზეა. რას ვესტბრუკმა 10 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. 18 ქულითა და 11 მოხსნით ასევე ორმაგი ჰქონდა პი ჯეი ტაკერს.
აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალურ სერიაში „მილუოკიმ” ანგარიშში სხვაობა 3-1-მდე შეამცირა.
მიუხედავად იმისა, რომ „მაიამისთან“ სერიის მეოთხე შეხვედრაში „ბაქსის“ ლიდერი იანის ანტეტიკუნმპო დაშავდა და შეხვედრაში მონაწილეობის მიღება ვეღარ შეძლო, მილუოკელებმა გამარჯვების მოპოვება ოვერტაიმში მაინც შეძლეს (118-115).
„ბაქსის“ გამარჯვებაში ლომის წვლილი კრის მიდლტონმა შეიტანა, მის ანგარიშზე 36 ქულა, რვა მოხსნა და რვა პასია. ანტეტოკუნმპომ ტრავმის მიღებამდე 19 ქულის დაგროვება მოახერხა. ერიკ ბლედსოუმ 14 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.