„ლეიკერსის“ ზედიზედ მესამე გამარჯვება, პორტლენდი სან ანტონიოში დამარცხდა
10:54, 03.12.2018
ექვსი მატჩი გაიმართა დღეს დილით ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში. ლოს ანჯელეს „ლეიკერსი“ დასავლეთ კონფერენციის საუკეთესო ხუთეულშია. კალიფორნეიელებმა აუტსაიდერი ფინიქს „სანზი“ უშანსოდ დაამარცხეს, ანგარიშით 120-96. აღსანიშნავია, რომ მასპინძლები, პირველი მეოთხედის შემდეგ, ათი ქულის სხვაობით მარცხდებოდნენ. ლუკ უოლტონის გუნდმა მატჩში,ძირითადი გარდატეხა მეორე 12-წუთიან მონაკვეთში შესძლო, რომელიც 40-15 მოიგო. ამის შემდეგ ლებრონ ჯეიმსმა და კამპანიამ მეტოქეს მიახლოვების შანსი აღარ მისცეს. კარგი შეხვედრა ჩაატარა კაილ კუზმამ. ახალგაზრდა ფორვარდის ანგარიშზე 23 ქულა და 8 მოხსნა დაფიქსირდა. ლებრონმა 22 ქულა, 8 პასი და 6 მოხსნა ჩაიწერა აქტივში. „ლეიკერსის“ მოდევნო მეტოქე, სან ანტონიო „სფერსი“ იქნება
სან ანტონიომ, საკუთარ „ეი თი ენდ თი ცენტრში“, ბოლო პერიოდში არასტაბილურად მოთამაშე პორტლენდ „ტრეილ ბლეიზერსი“ მიიღო და ანგარიშით 131-118 აჯობა. ეს ორეგონელებისთვის, ბოლო ხუთ მატჩში, მეოთხე წაგება გამოდგა, რის შემდეგაც ტერი სტოტსის გუნდმა დასაავლეთში 7-ე ადგილზე ჩამოინაცვლა.
სან ანტონიოს გამარჯვებაში უდიდესი წვლილი კვლავ დემარ დე როუზენმა შეიტანა. გუნდის ლიდერმა 36 ქულა, 8 შედეგიანი გადაცემა და 6 მოხსნა მოიპოვა. „სფერსი“ გამარჯვების მიუხედავად, ჯერ ჯერობით დასავლეთ კონფერენციაის აუტსაიდერთა შორის იმყოფება.