ლეიკერსის ზედიზედ მეოთხე მარცხი - ლებრონ ჯეიმსი შესაძლოა პლეი ოფის გარეშე დარჩეს
12:19, 07.03.2019
ლოს ანჯელეს „ლეიკერსის“ წარუმატებლობა გრძელდება. დიდი ალბათობით, ლებრონ ჯეიმსი ბოლო 14 სეზონის განმავლობაში პირველად ვერ ითამაშებს პლეი-ოფში. კალიფორნიული კლუბი დასავლეთ კონფერნციაში 11-ე ადგილზეა და საუკეთესო რვაში მოსახვედრად მიზერული შანსები რჩება. ეს შანსები დღეს დენვერ „ნაგეტსთან“ საშინაო მარცხის შემდეგ კიდევ უფრო შემცირდა. „სტეიპლზ ცენტრში“ ლიგის 17-გზის ჩემპიონი ანგარიშით 99-115 დამარცხდა. ფაქტია, მარტო ლებრონი და მისი ბრწყინვალე სტატისტიკა „ლეიკერსს“ არ ყოფნის. „მეფემ“ კოლორადოელებს 31 ქულა ჩაუგდო, რასაც 7 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემაც მიამატა. ეს ზედიზედ მეოთხე მარცხი გამოდგა ლუკ ვოლტონის გუნდისთვის. „ლეიკერსი“ საპლეიოფო ზონას უკვე შვიდი მოგებით ჩამორჩება და დარჩენილ 17 შეხვედრაში, რთულად წარმოსადგენია, აღნიშნული ჩამორჩენა აღმოფხვრას. რაც შეეხება დენვერს, კოლორადოელები მეორე ადგილზე იმყოფებიან და ლიდერ გოლდენ სტეიტს მხოლოდ ერთი წაგებით ჩამორჩებიან. 9 მარტს მთავარი მატჩი სწორედ ამ ორ გუნდს შორის შედგება. „ლეიკერსის“ მომდევნო მეტოქე ბოსტონ „სელტიკსი“ იქნება.
დეტროიტ „პისტონსმა“ ბოლო 12 დაპირისპირებიდან მეათე მატჩი მოიგო. მიჩიგანელები რეგულარული სეზონის დასკვნით ნაწილს შესანიშნავ ფორმაში ხვდებიან. დუეინ კეისის გუნდმა ამჯერად მინესოტა „ტიმბერვულვზი“ დამაჯერებელი სხვაობით, ამგარიშით 131-114 დაამარცხა. მასპინძელთა შორის ტრავმის გამო არ უთამაშია ზაზა ფაჩულიას. პირველი პერიოდი სტუმრებმა 35-22 მოიგეს. ამის შემდეგ, „პისტონსმა“ მეთოდურად დაიწყო სხვაობის შემცირება და ბოლო მეოთხედის შუა ნაწილში თამაშს აზრი დაუკარგა. ანდრე დრამონდმა, 31 ქულით და 15 მოხსნით, მორიგი ორმაგი დუბლი გაიფორმა. კარგი მატჩი ჩაატარა ლუკ კენარმა. დეტროიტელთა მსროლელმა 21 ქულა გააკეთა. მინესოტას კარ ენტონი თაუნსმა ულიდერა, 24 ქულით. მორიგი გამარჯვების შემდეგ, დეტროიტი მყარად დამკვიდრდა აღმოსავლეთ კონფერენციის 6-ე ადგილზე. „ტიმბერვუვლვზი“ კი დასავლეთში მხოლოდ მეათეა და პლეი-ოფში მოხვედრა საკმაოდ გაუჭირდება.