ლეგიონერი | როდის დაბრუნდება კვარაცხელია - „ნაპოლის“ ექიმმა ხვიჩას ტრავმაზე ისაუბრა #1TVSPORT
ბოლო დროს ქართულ და იტალიურ პერსაში ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობას დიდი ყურადღება ეთმობა – ამ თემაზე Radio Punto Nuovo-სთან გუნდის ექიმმა ანჯელო კავალომ ისაუბრა.
„თუ გავითვალისწინებთ „ენფილდზე“ მტკივნეულ დაცემას, კვარაცხელიას შემთხვევა არის ტრავმა, რომელიც არ არის გადატვირთვით გამოწვეული დაზიანება. ეს არის კუნთოვანი სპაზმი, რომელიც ძლიერ ტკივილს იწვევს და მოთამაშეს მოძრაობაში ხელს უშლის“ – ამბობს დოქტორი კავალო, რომელიც იტალიაში სპორტული ტრავმატოლოგიის სპეციალისტია.
fantacalcio ამტკიცებს, რომ კვარაცხელია მკურნალობის კურსს ასრულებს: „ქართველი თავდამსხმელი ბოლო დღეებში წელის მწვავე ტკივილს ებრძვის. „ნაპოლის“ 77 ნომერი დაუღალავად განაგრძობს მუშაობას, რათა მოედანზე რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს და გუნდს დაეხმაროს. როდის დაბრუნდება კვარაცხელია, ჯერ უცნობია, მაგრამ ინდივიდუალურად მუშაობს. ის, სავარაუდოდ, უდინეზეს“ წინააღმდეგ მატჩამდე ფორმაში იქნება“. ეს იქნება ყატარში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე „ნაპოლის“ ბოლო მატჩი სერია A-ში“.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მე-14 ტურში, „ნაპოლიმ“ „სტადიო მარადონაზე“ „ემპოლის“ უმასპინძლა და 2:0 მოიგო. ისევე როგორც ბერგამოს „ატალანტასთან“, ხვიჩა კვარაცხელიამ ეს მატჩიც ტრავმის გამო გამოტოვა.