ლეგიონერი | ლუკა ლოჩოშვილი დაასვენეს - „კრემონეზემ“ „მილანი“ შეაჩერა #1TVSPORT
სერია A-ს მე-14 ტურში, „კრემონეზეს“ შემადგენლობაში არ უთამაშია ლუკა ლოჩოშვილს, რომლის გუნდმაც საკუთარ მოედანზე, მოქმედ ჩემპიონ „მილანს“ ქულები დააკარგვინა. საქართველოს ნაკრების მცველი ჯანმრთელად იყო, მაგრამ „კრემონეზეს“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალვინიმ სათადარიგოთა შორის დატოვა.
„მილანი“ აუტსაიდერთან სტუმრად ჩატარებულ მატჩში უპირატესობას თავიდანვე დაეუფლა. 56-ე წუთზე მილანელთა ბელგიელმა თავდამსხმელმა დივოკ ორიჯიმ გოლი კი გაიტანა, მაგრამ არბიტრმა მომენტი ვიდეორეფერისთან გადაამოწმა, თამაშგარე დააფიქსირა და გოლი არ ჩათვალა. საბოლოოდ შეხვედრა 0:0 დასრულდა.
14 ტურის შემდეგ „მილანმა“ 30 ქულა დააგროვა და ლიდერს, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ (38 ქულა) რვა ქულით ჩამორჩა, ხოლო ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზეს“ (7) მიმდინარე ჩემპიონატში ჯერ თამაში არ მოუგია და სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზეა.