ლეგიონერი | ხვიჩა კვარაცხელიას თერაპიის კურსი უტარდება - Calciomercato კი ირწმუნება, რომ შესაძალოა, ხვიჩა „ემპოლისთან“ ვიხილოთ #1TVSPORT
იტალიის სერია A-ს მე-13 ტურში, „ატალანტასთან“ მოგების (2:1) შემდეგ, „ნაპოლი“ საკუთარ ბაზაზე დაბრუნდა და სამშაბათს, „ემპოლისთან“ გასამართავი მატჩისთვის მზადება დაიწყო.
ცნობილი გახდა სიახლე კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელმაც ბერგამოში მატჩი წელის მწვავე ტკივილის გამო გამოტოვა. ხვიჩა გუნდთან ერთად ჯერ ვერ ვარჯიშობს – ინფორმაციას იტალიური ინტერნეტ-გვერდი spazionapoli ავრცელებს.
„ყველა გულშემატკივარი ელის ინფორმაციას ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომელმაც ბერგამოში გასვლითი მატჩი წელის მწვავე ტკივილის გამო გამოტოვა. „ატალანტასთან“ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ, გუნდი ნეაპოლში დაბრუნდა და „ემპოლისთან“ საკუთარ მოედანზე ჩასატარებელი მატჩისთვის მომზადება დაიწყო. ვინც „ატალანტას“ წინააღმდეგ სრულად ითამაშა, შედარებით მსუბუქად დაიტვირთნენ, დანარჩენებმა სრულად ივარჯიშეს, ხვიჩა კვარაცხელიას და რაჰმანის კი თერაპიის კურსი ჩაუტარდათ“ – წერია „ნაპოლის“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში.
ლუჩანო სპალეტის გუნდი სერია A-ს მე-14 ტურის მატჩს სამშაბათს, „სტადიო მარადონაზე“ „ემპოლის“ წინააღმდეგ გამართავს. გამოცემა იმედოვნებს, რომ კვარაცხელია მოედანზე იქნება: „მიუხედავად იმისა, რომ ელიფ ელმასმა „ატალანტასთან“ კარგი მატჩი ჩაატარა, ნეაპოლელი გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ „ქართველი მარგალიტი“ გამოჯანმრთელებას მოასწრებს და მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე დარჩენილ შეხვედრებში თამაშს მოახერხებს.
კვარაცხელიას უკვე შეუძლია „ემპოლისთან“ ითამაშოს. როგორც ჩანს, „ნაპოლის“ სამედიცინო პერსონალს დიდად არ აშფოთებს წელის ტკივილი, რომელსაც ხვიჩა უჩივის. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ სამშაბათს ქართველი მოედანს დაუბრუნდება” – წერს იტალიური გამოცემა.