ლეგიონერი | გიორგი ჩაკვეტაძე კონფერენს ლიგის საუკეთესო ასისტენტებში მეორე ადგილზეა #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძე კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო ასისტენტებს შორისაა – ინფორმაციას უეფას ოფიციალური გვერდი აქვეყნებს.
ასისტენტებში კრისტიან კუამე ლიდერობს – კოტ დ’ივუარის ნაკრების ფეხბურთელმა, რომელიც „ფიორენტინამ“ ბელგიურ „ანდერლეხტში“ იჯარით გაუშვა, 5 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.
მეორე ადგილზე გიორგი ჩაკვეტაძე – ბრატისლავას „სლოვანის“ ქართველი ნახევარმცველი, რომელმაც სლოვაკეთის ჩემპიონ გუნდში გადასვლის შემდეგ ფორმა აღიდგინა. ბოლო ტურში, ვილნიუსში, „ჟალგირისთან“ გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა და სტუმართა ორივე საგოლე შეტევა განავითარა. სულ ჯგუფურ ეტაპზე გიორგის ანგარიშზე 4 საგოლე გადაცემაა.
ასევე 4 ასისტი დაუგროვდა „იურგარდენის“ და შვედეთის ნაკრების თავდამსხმელ მაგნუს ერიკსონს – მისი კარგი თამაშის დამსახურებაა, რომ შვედური კლუბი კონფერენსლიგის F ჯგუფის გამარჯვებული გახდა.