ლეგიონერები | შენგელიამ მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა - ხვადაგიანი „ნათანიაში“ ადგილს იმკვიდრებს #1TVSPORT
საბერძნეთის სუპერლიგის 23-ე ტურში „ასტერასმა“ „პანეტოლიკოსს“ უმასპინძლა, სადაც ჯიმი ტაბიძე და ლევან შენგელია თამაშობენ. მატჩი ფრედ დასრულდა – 2:2.
ტაბიძე განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია, შენგელიამ კი თამაში დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა – ქართველმა თავდამსხმელმა საბერძნეთის თასზე სალონიკის „არისთან“ მესამე ყვითელი ბარათი მიიღო და რადგან ბარათები ჩემპიონატის მატჩებზეც მოქმედებს, განაცხადში ვერ მოხვდა.
„პანეტოლიკოსი“ 23 ქულით აუტსაიდერთა ზონაშია და, დიდი ალბათობით, რეგულარული სეზონის შემდეგ ლიგაში დასარჩენად იბრძოლებს.
ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა წევრმა, საბა ხვადაგიანმა (რომელიც ახლა საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატია) „ნათანიის“ შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა ისრაელის უმაღლეს ლიგაში გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს, თელ ავივის „მაკაბის“ უმასპინძლა და 1:5 დამარცხდა.
20 წლის ქართველი მცველი ისრაელში ზამთარში გადავიდა და ზედიზედ მეორე მატჩია, გუნდის ძირითად შემადგენლობაში თამაშობს. „ნათანია“ 24 ქულით მე-8 ადგილზეა და რეგულარული სეზონის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე საჩემპიონო ექვსეულში მოხვედრის თეორიულ შანსს ინარჩუნებს.