ლეგიონერები | ლევან ნონიკაშვილი დისკვალიფიცირებულია, ჭანტურიშვილმა ისევ გაიტანა #1TVSPORT
სლოვაკეთი
„ნაიკლიგის“ 21-ე ტურში ქართველების გუნდებიდან მხოლოდ ბრატისლავის „სლოვანმა“ მოიგო, რომელმაც სტუმრად „ტრენჩინი“ 2:0 დაამარცხა. მარკო ტოლიჩმა 51-ე წუთზე ანგარიში პენალტით გახსნა, 66-ე წუთზე კი მეორე გოლი ჟერსონ როდრიგეშმა გაიტანა. ქართველებიდან გურამ კაშია მოედანზე მე-80 წუთზე შეცვლაზე შევიდა, ხოლო ჯაბა კანკავამ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.
„ზლატე მორავცემ“ ისევ წააგო – ამჯერად საკუთარ მოედანზე „რუჟომბეროკთან“ 2:4. ამ შეხვედრამდე გუნდის მთავარი მწვრთნელი, მიხალ ჰიპი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, რომლის ნაცვლადაც გუნდს დროებით მისი თანაშემწე, ჩაბა სორადი უხელმძღვანელებს.
გიორგი ჯინჯოლავამ და იური ტაბატაძემ შეცვლაზე (59-ე წუთიდან) ითამაშეს, მაგრამ ტაბატაძე 86-ე წუთზე თავადაც შეცვალეს. განაცხადში არ იყო ლევან ნონიკაშვილი, რომელიც წინა ტურში ჯაბა კანკავასთან უხეშობის გამო ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.
თორნიკე ძოწენიძის „მიხალოვცე“ „ჟილინას“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა – 1:1. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა.
ჩეხეთი
„ზლინში“ ზვიად ნაჭყებიამ შეცვლაზე (59-ე წუთიდან) ითამაშა. მისი გუნდი ერთ-ერთ ლიდერ „პლზენთან“ 0:3 დამარცხდა.
ვახტანგ ჭანტურიშვილმა ზედიზედ მესამე მატჩში შეძლო გოლის გატანა და „იაბლონეცს“ სტუმრად „ლიბერეცთან“ ქულის მოპოვებაში დაეხმარება – 3:3. ჭანტურიშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.