ლეგიონერები | კიტეიშვილის „შტურმი“ კონკურენტთან დამარცხდა #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმი“ ავსტრიის ბუნდესლიგაში კონკურენტ ვენის „აუსტრიას“ ესტუმრა და საჩემპიონო ბრძოლაში მნიშვნელოვანი მარცხი განიცადა – 1:2.
საჩემპიონო ჯგუფის 27-ე ტურის შეხვედრაში ანგარიში მე-40 წუთზე მასპინძლებმა მორის მელოუნის დარტყმით გახსნეს. შესვენებამდე ოთარ კიტეიშვილის მიერ განვითარებული შეტევა მაქს ჯონსტონმა ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა – 1:1.
დარჩენილ დროში „აუსტრია“ უფრო აქტიურად უტევდა და 61-ე წუთზე მიზანსაც მიაღწია. მოქმედ ჩემპიონს სლოვენიელმა თავდამსხმელმა, ნიკ პრელეცმა გაუტანა და, როგორც შემდეგ გაირკვა, მასპინძლებს გამარჯვება მოუტანა.
გრაცის „შტურმის“ საქმე გააკეთა სანდრო ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერმა“, რომელმაც გასვლაზე ჩემპიონობისთვის მებრძოლ „ზალცბურგს“ ქულები დააკარგვინა – 1:1. სანდრო ალთუნაშვილი მოედანზე 64-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა.
ავსტრიის ბუნდესლიგაში გამართული 27 ტურის შემდეგ გრაცის „შტურმმა“ 33 ქულით ლიდერობა შეინარჩუნა, მაგრამ „აუსტრიამ“ (30) ჩამორჩენა შეამცირა, „ზალცბურგი“ (29) მესამეზეა, ხოლო „ვოლფსბერგერი“ (27) – მეოთხეზე.