ლეგიონერები | გუგეშაშვილის უიღბლო მატჩი - კვირკვიამ შეცვლაზე ითამაშა #1TVSPORT
ლეგიონერები | გუგეშაშვილის უიღბლო მატჩი - კვირკვიამ შეცვლაზე ითამაშა #1TVSPORT

კვიპროსის ჩემპიონატში ქართველებს, ფაქტობრივად, არ უთამაშიათ – მათე კვირკვიას „კარმიოტისა“ შინ ფამაგუსტას „ნეა სალამინას“ დაუზავდა, 2:2 – ქართველი თავდამსხმელი სათადარიგოებში იყო და მოედანზე მხოლოდ 90-ე წუთზე შევიდა.

გიორგი ქვილითაიას „არისმა“ კი ქართველი ფეხბურთელის ყოფილ კლუბს, „ანორთოსისს“ უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. ლიმასოლელთა 31 წლის ქართველი თავდამსხმელი ტრავმირებულია და, მინიმუმ, ერთი თვე ვერ ითამაშებს.

კვიპროსის ჩემპიონატში მოთამაშე სხვა ქართველების გუნდები თავიანთ მატჩებს 10 ნოემბერს ჩაატარებენ – მე-10 ტურში გიორგი ლორიას „არადიპუ“ საკუთარ მოედანზე „ომონიას“ უმასპინძლებს, ხოლო ლაშა დვალის აპოელ-ი ლიმასოლის აელ-ს მიიღებს.

საბერძნეთის სუპერლიგაში ლუკა გუგეშაშვილის „პანსერაიკოსმა“ „ატრომიტოსს“ უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების მეკარე ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ ბერძნულ კლუბში გადასვლის შემდეგ ყველაზე დაბალი შეფასება, 5,4 ქულა მიიღო – მეტოქეებმა ლუკას კარის მიმართულებით ოთხჯერ დაარტყეს და სამი გოლი გაიტანეს.