ელგუჯა ლობჯანიძემ ჰეთ-თრიქი შეასრულა და გუნდი პრემიერლიგაში დატოვა #1TVSPORT
დანიის ჩემპიონატში დავით ხოჭოლავამ შეუცვლელად ითამაშა „კოპენჰაგენის“ შემადგენლობაში, რომელმაც შინ „ლუნგბიუ“ 3:0 დაამარცხა. „კოპენჰაგენი“ 16 ტურის შემდეგ, 24 ქულით, მესამე ადგილზეა და ლიდერ „ნორდსიელანდს (31) შვიდი ქულით ჩამორჩება.
აზერბაიჯანის პრემიერლიგაში დავით ვოლკოვმა 60 წუთი ითამაშა „საბაჰში“, რომელმაც სტუმრად „საბაილს“ 2:0 მოუგო. „ყარაბაღში“ 90 წუთი ითამაშა ლუკა გუგეშაშვილმა „ქიაფაზთან“ შინ მოგებულ (3:1) მატჩში. სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ გიორგი ქანთარია და მათე კვირკვია, მიხეილ ერგემლიძე კი სათადარიგოთა შორის დარჩა. „საბაჰი“ 34 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „ყარაბაღს“ მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება.
ყაზახეთში სეზონი დასრულდა. ლუკა იმნაძისა და თომა ტაბატაძის „აკჟაიკი“ პრემიერლიგიდან გავარდა – მათი გუნდი ბოლო ტურში „ტობოლთან“ 1:3 დამარცხდა.
„ყიზილ ჟარის“ შემადგენლობაში სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა ელგუჯა ლობჯანიძემ. მისმა გუნდმა რატი არდაზიშვილის „კასპიისთან“ 4:1 მოიგო. ლობჯანიძემ ჰეთ-თრიქი შეასრულა. 30 წლის თავდამსხმელმა ბოლო 7 ტურში 7 გოლი გაიტანა და გუნდი პრემიერლიგიდან გავარდნას გადაარჩინა.
ყაზახეთის ჩემპიონი „ასტანა” გახდა, რომელმაც ბოლო ტურში, ყარაღანდაში, „შახტიორს“ 3:2 სძლია. ყარაღანდელთაგან ერთი გოლი თემურ ჩოგაძემ გაიტანა.