ლეგენდების შემხედვარეს არ გაქვს უფლება, 100 პროცენტზე ნაკლებად დაიხარჯო - „დინამოში“ დაბრუნებულმა კირკიტაძემ პირველი კომენტარი გააკეთა #1TVSPORT
თორნიკე კირკიტაძემ, რომელიც კარიერას „დინამო თბილისში“ გააგრძელებს, კონტრაქტის გაფორმების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
„ჩემთვის „დინამო“, თავისი ისტორიიდან და ტიტულებიდან გამომდინარე, საქართველოში ნომერი პირველი კლუბია. ვამაყობ, რომ ამ გუნდში დავბრუნდი და ისევ „დინამოს“ მაისურს მოვირგებ“, – ამბობს თორნიკე კირკიტაძე.
ფეხბურთელსა და თბილისურ კლუბს შორის კონტრაქტი 2+1 სისტემით გაფორმდა. კირკიტაძე „დინამო თბილისის“ აკადემიის 19 წლამდე გუნდში ასპარეზობდა და „დინამოს“ პირველ გუნდში ოფიციალური შეხვედრაც ჩაუტარებია. მან ამაზე ემოციურად ისაუბრა:
„ჩემთვის „დინამოში“ დაბრუნება ემოციურია, რადგან აქ დაიწყო ჩემი საფეხბურთო კარიერა. დავბრუნდი, გახარებული ვარ და მინდა, რომ გუნდს დასახული მიზნების და წარმატების მიღწევაში დავეხმარო. მინდა, მადლობა გადავუხადო ხელმძღვანელობას და მთავარ მწვრთლელს, კახა ცხადაძეს გამოჩენილი ნდობისთვის. აქ ყოფნა ძალიან მიხარია, მაგრამ რამდენადაც მიხარია, იმდენად საპასუხისმგებლოა“.
მისი თქმით, შეუძლებელია, „დინამოში“ მოტივაცია დააკლდეს:
„ასეთ პირობებში არ შეიძლება, რომ ბოლომდე არ დაიხარჯო, ყოველდღე არ განვითარდე და კლუბს წარმატების მიღწევაში არ დაეხმარო. მე ვფიქრობ, რომ ამ ლეგენდების შემხედვარეს არ გაქვს უფლება, 100 პროცენტზე ნაკლებად დაიხარჯო“.
თორნიკე კირკიტაძის ბოლო კლუბი თბილისის „ლოკომოტივი“ გახლდათ, მის ანგარიშზე 68 შეხვედრაში გატანილი ცხრა გოლი და ოცი საგოლე გადაცემაა. 2020 წელს მარჯვენა ფლანგელმა „ლოკომოტივთან“ ერთად უეფა-ს ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა და სამივე მატჩში ძირითად შემადგენლობაში გახლდათ. სხვადასხვა დროს, კირკიტაძე ასევე საჩხერის „ჩიხურას“ და „რუსთავის“ ღირსებას იცავდა. 2016 წელს იგი ორჯერ მიიწვიეს საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში.