მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ტელეკომპანია Eurosport-ის ექსპერტმა, მატს ვილანდერმა მოახლოებული აშშ-ის ღია პირველობის ფავორიტები დაასახელა.
„რაფაელ ნადალი, აგრეთვე ნოვაკ ჯოკოვიჩი ჩემი ფავორიტები არიან. ისინი წააგებენ მხოლოდ რომელიმე დიად მოთამაშესთან. ის ფაქტი, რომ ნადალს არ უთამაშია ბოლო „მასტერსზე“ ცინცინატიში, ნიშნავს იმას, რომ რაფა გრძნობს თავის სხეულს და უკვე პიკზეა, რაც ორი კვირის წინ დაადასტურა ტორონტოს „მასტერსზე“. მისი მომზადება ძალიან კარგი გამოვიდა და დარწმუნებული ვარ, ის შესანიშნავად გამოვა ნიუ იორკში“, – განაცხადა ვილანდერმა.
თავის მხრივ, ავსტრალიური ჩოგბურთის ლეგენდამ, როდ ლეივერმა არ ახსენა თავის ფავორიტებს შორის არც ნადალი და არც როჯერ ფედერერი.
„ჯოკოვიჩი, დელ პოტრო ან ანდერსონი. ამ სამიდან ნებისმიერს შეუძლია მოიგოს“, – განაცხადა ლეივერმა სააგენტო „როიტერთან“ კომენტარში.
აშშ-ის ღია პირველობა ჩოგბურთში 27 აგვისტოს დაიწყება.