ლებრონი კვლავ საუკეთესოა - „ლეიკერსი“ „ჰიუსტონთან“ სერიაში დაწინაურდა [ვიდეო]
ორლანდოში გრძელდება ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი-ოფების სერია. დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალურ ეტაპზე პირველი მატჩის წაგების შემდეგ ზედიზედ ორი გამარჯვება იზეიმა ლოს ანჯელეს „ლეიკერსმა“. ფრენკ ფოგელის გაწვრთნილმა გუნდმა „ჰიუსტონს“ მესამე მატჩი 10 ქულის სხვაობით, ანგარიშით 112-102 მოუგო და სერიაში 2-1 დაწინაურდა.
მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა ლებრონ ჯეიმსმა. „მეფემ“ 36 ქულასთან ერთად შვიდი მოხსნა, ხუთი პასი და ოთხი დაფარება მიითვალა. ენტონი დევისმა 26 ქულითა და 15 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. 21 ქულა და ცხრა პასი დააგროვა რაჟან რონდომ.
„როკეთსის“ რიგებში 33 ქულით, ცხრა მოხსნითა და ცხრა გადაცემით ყველაზე შედეგიანი ჯეიმს ჰარდენი გამოდგა. რას ვესტბრუკის ანგარიშზე 30 ქულაა.
მომდევნო, რიგით მეოთხე შეხვედრა ორ გუნდს შორის ორლანდოში, 10 სექტემბერს შედგება.