რამდენიმე დღის წინ ლოს ანჯელეს „ლეიკერსმა“ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ფინალურ სერიაში „მაიამი ჰიტი“ 4-2 დაამარცხა და 2010 წლის შემდეგ პირველად ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. „ლეიკერსმა“ ისტორიის მანძილზე მე-17 ტიტული დაისაკუთრა და ამ მაჩვენებლით „ბოსტონ სელტიკსსაც“ გაუთანაბრდა.
ლოს ანჯელესელთა ლიდერმა და დღეისთვის პლანეტის საუკეთესო კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსმა კარიერაში მეოთხე ბეჭედი მოიპოვა.
მიმდინარე წლის დასაწყისში „ლეიკერსის“ ლეგენდა კობი ბრაიანტი ავიაკატასტროფაში შვილთან ერთად დაიღუპა. ლოსანჯელესელებმა პლეი ოფის რამდენიმე თამაში კობისა და ჯიჯის საპატივსაცემოდ შეკერილი „მამბას“ მაისურებით ჩაატარეს.
ლებრონისთვის წელს ტიტულის მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. კობი და ჯეიმსი წლების მანძილზე მეგობრობდნენ. გუშინ ჯეიმსმა საკუთარ „ინსტაგრამის“ გვერდზე ბრაიანტს პოსტი მიუძღვნა – „იმედი მაქვს ამაყი გაგხადე ძმაო. მიყვარხარ და მენატრები ჩემპიონო!“