ლებრონი ისევ აგებს - დრამა სტეიპლზ ცენტრში [ვიდეო]
10:06, 23.10.2018
საოცარი მატჩი გამოვიდა, „ლოს-ანჯელეს ლეიკერსსა“ და „სან-ანტონიო სპურზს“ შორის. რამდენიმე წუთის წინ, „სტეიპლზ ცენტრში“ დასრულებული შეხვედრა, სან ანტონიომ 143-142 მოიგო.
კალიფორნიულ გუნდში გადასვლის შემდეგ, ლებრონ ჯეიმსს, ჯერჯერობით, ოფიციალური თამაში არ მოუგია. „სპურზის“ წინააღმდეგ გამართული მატჩში ლებრონი მოგებასთან ახლოს იყო. „მეფემ“ ძირითადი დროის დასრულებამე სამი წამით ადრე, შორეული სამქულიანი ტყორცნით, თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა (128-128) და დამატებითი ხუთ წუთიანი მონაკვეთიც ქულა ქულაში წავიდა, სადაც სტუმრებს უფრო გაუმართლათ.
სან ანტონიოს რიგებში ლამარკუს ოლდრიჯმა 37 ქულა და 10 მოხსნა გააკეთა, დემარ დეროუზენის ანგარიშზე კი 37 ქულა, 14 პასი და 8 მოხსნაა. კალიფრონიელებს, ამჯერად, კაილ კუზმამ ულიდერა 37 ქულით. ლებრონმა კი, სამმაგი დუბლის ზღვარზე ითამაშა – 32 ქულა, 14 შედეგიანი გადაცემა და 8 მოხსნა. „ლეიკერსს“ სამიდან სამი მარცხი აქვს და დასავლეთ კონფერენციაში, „ოკლაჰომასთან“ ერთად, გამარჯვების გარეშეა. მომდევნო ტურში, ლუკ უოლტონის გუნდი, იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილ ფინიქს „სანზსს“ სტუმრად დაუპირისპირდება.
მოულოდნელი მარცხი განიცადა, აღმოსავლეთ კონფერენციის, მთავარმა ფავორიტმა ბოსტონ „სელტიქსმა“. ბოსტონელებმა, საკუთარ „თი დი გარდენში“ „ორლანდო მეჯიქი“ მიიღეს და ანგარიშით 90-93 წააგეს.
სტუმრებს განსაკუთრებით პერიმეტრიდან წაუვიდათ ზუსტი ტყორცნები, რამაც მესამე მეოთხედის შუა ნაწილში, მათი 17 ქულიანი უპირატესობა განაპირობა. სოლიდური ჩამორჩენის მიუხედავად, კაირი ირვინგის და ალ ჰორფორდის აქტიურობით, მასპინძლებმა, თამაშში დაბრუნება მაინც შესძლეს და ირვინგს, ბოლო წამზე შეხვედრის ოვერტაიმში გადაყვანაც შეეძლო, თუმცა პერიმეტრიდან ააცილა და ორლანდოს გამარჯვება დაფიქსირდა. „სელტიქსმა“ სეზონში, მეორე მატჩი წააგო. ბრედ სტივენსის გუნდი, მორიგ შეხვდრას, ოკლაჰომა სითი „თანდერის” წინააღმდეგ, გასვლაზე ჩაატარებს.