ლებრონ ჯეიმსმა ტრავმა მიიღო - „ლეიკერსმა“ მოქმედი ჩემპიონი მაინც დაამარცხა

„გოლდენ სტეიტი“ „ლეიკერსის“ საკალათბურთო დაპირისპირებაში საკმაოდ უსიამოვნო ფაქტი მოხდა – ლებრონ ჯეიმსი დაშავდა. „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ლიდერმა „გოლდენ სტეიტ ვორიორსთან“ დაპირისპირების მესამე პერიოდში საზარდული იტკინა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. მიუხედავად ამისა, „ლეიკერსმა“ მოქმედი ჩემპიონი მოულოდნელად დიდი სხვაობით 101-127 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ პირველი ნახევარის შემდეგ ლოს ანჯელესელები 65-50 იგებდნენ, რაც იმას ნიშნავს რომ გადამწყვეტი უპირატესობა „ლეიკერსმა“ „მეფესთან“ ერთად მოიპოვა. ტრავმის მიღებამდე ჯეიმსმა ორმაგი დუბლის შესრულება მაინც მოასწრო. საბოლოოდ ლებრონმა მატჩი 17 ქულითა და 13 მოხსნით დაასრულა. ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი ანდრე იგუდალა გამოდგა, რომელმაც 23 ქულა ჩაიწერა პირად აქტივში. კევინ დიურანტმა მატჩი 21 ქულით დაასრულა. სტეფ კარის ანგარიშზე კი 15 ქულაა. „ლეიკერსიდან“ კარგი თამაში ჰქონდა კაელ კუზმას (19 ქულა).

„ტრავმებს იშვიათად ვიღებ, მაგრამ ხანდახან ასეც ხდება. ჩვენ ბრწყინვალე სამედიცინო შტაბი გვაქვს და ყველაფერი მაქსიმალურად კარგად იქნება,“ – თქვა მატჩის შემდეგ ლებრონმა. საკალათბურთო სამყარო ახლა ზუსტი დიაგნოზის მოლოდინშია. ლებრონს დეტალურ გამოკვლევას დღეს ჩაუტარებენ და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რამდენად მძიმეა მისი საზარდულის ტრავმა.