„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ლიდერი ლებრონ ჯეიმსი 2020 წლის საუკეთესო სპორტსმენი გახდა სააგენტო Associated Press-ის (AP) ვერსიით.
ხმის მიცემისას კალათბურთელმა უკან ჩამოიტოვა ამერიკული ფეხბურთის გუნდის „კანზას-სიტის“ კვოტერბეკი პატრიკ მაჰოუმსი და ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონი ლუის ჰემილტონი. 35 წლის ჯეიმსისთვის ეს ჯილდო მეოთხეა კარიერაში. ადრე ის საუკეთესო სპორტსმენი გახდა 2013, 2016 და 2018 წლებში.
ამ მაჩვენებლით ლებრონი გაუთანაბრდა ყოფილ ველომრბოლს ლენს არმსტრონგსა და გოლფისტ ტაიგერ ვუდსს.
AP-მა სპორტული მიღწევების გარდა, გამოარჩია ლებრონ ჯეიმსის სოციალური, კულტურული და პოლიტიკური აქტივობა. კერძოდ, კალათბურთელმა აქტიური მონაწილეობა მიიღო მოძრაობა Black Lives Matter-ში („შავების სიცოცხლე მნიშვნელოვანია“), აგრეთვე დაარწმუნა ამერიკის შეერთებული შტატების ბევრი მოქალაქე, რომლებსაც არასოდეს მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში, აშშ-ის პრეზიდენტის არჩევაში მიეღოთ მონაწილეობა. და კიდევ, ლებრონმა ბევრი ხერხი მონახა იმისთვის, რომ გაეუმჯობესებინა ადამიანების ცხოვრება თავის მშობლიურ ქალაქში.
„დღეს შემიძლია უფრო დიდი გავლენა მქონდეს კალათბურთის მოედნის მიღმა ცხოვრებაზე. მინდა გავაგრძელო ადამიანების მოტივირება იმით, თუ როგორ ვთამაშობ კალათბურთს. მაგრამ, არსებობს კიდევ ძალიან ბევრი რამ, რისი გაკეთებაც შემიძლია, რათა დავეხმარო ადამიანებს განვითარებაში, გაერთიანებასა და მათი შესაძლებლობების რეალიზებაში“, – მოჰყავს ჯეიმსის სიტყვები AP-ს.