ლებრონ ჯეიმსი არ მიიღებს მონაწილეობას შეხვედრებში, რომლებზეც მაყურებელს დასწრებას აუკრძალავენ (ვიდეო)
კორონავირუსის გლობალური საფრთხიდან გამომდინარე, ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გარკვეული შეზღუდვების დაწესებას განიხილავენ. იმ შემთხვევაში, თუ ვირუსმა გავრცელება სწრაფი ტემპით გააგრძელა, შესაძლოა რეგულარული სეზონის მატჩებმა მაყურებლების გარეშეც ჩაიაროს.
უმაყურებლოდ გამართულ შესაძლო მატჩებთან დაკავშირებით, შეკითხვა ლებრონ ჯეიმსსაც დაუსვეს. „ლეიკერსის“ ლიდერს აღნიშნული იდეა არ მოეწონა. შეკითხვაზე, თუ როგორ შეეგუება ის უგულშემატკივროდ ჩატარებულ მატჩებს ჯეიმსმა ასეთი პასუხი გასცა – „ასეთ მატჩებში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ. ფანების გარეშე თამაში ? არა, ეს უბრალოდ შეუძლებელია. მე არ ვითამაშებ, თუ ფანები შეხვედრას არ დაესწრებიან. მე სწორედ მათ გამო ვთამაშობ. ასე რომ, არენაზე თუ მოვალ და გულშემატკივრებს ვერ დავინახავ, შესაბამისად, არც ვითამაშებ“, – განაცხადა ჯეიმსმა.