ლებრონ ჯეიმსი - 2011 წელს ამერიკული ფეხბურთის პროფესიული კლუბები კონტრაქტს მთავაზობდნენ #1TVSPORT
„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ვარსკვლავმა ლებრონ ჯეიმსმა დაადასტურა, რომ 2011 წელს, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მიმდინარე ლოკაუტის პერიოდში ამერიკული ფეხბურთის პროფესიული ლიგის (NFL) ორი კლუბისგან მიიღო შეთავაზება.
„ეს სიმართლეა. ლოკაუტის დროს, „დალასის“ მფლობელი ჯერი ჯონსი მთავაზობდა კონტრაქტს, ასევე „სიეტლის“ მფლობელი პიტ კეროლი.
ამ ორმა წინადადებამ ჩემში აღელვება გამოიწვია და დამაფიქრა ფეხბურთის თამაშზე. მაგრამ, როგორც იცით, მალე მოხერხდა გარიგების დადება ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციასთან და მე მოედანზე დავბრუნდი.
მაგრამ, მაშინ სერიოზულად ვფიქრობდი NFL-ზე. მაისურებიც კი შევინახე, რომელიც ჯერი ჯონსმა და პიტ კეროლმა 2011 წელს გამომიგზავნეს“, – განაცხადა ლებრონმა გადაცემა Monday Night Football-ის ეთერში.
ბავშვობაში ჯეიმსი წარმატებით თამაშობდა ამერიკულ ფეხბურთს სასკოლო გუნდში რესივერის პოზიციაზე. ლებრონი პერსპექტიულ მოთამაშედ მიიჩნეოდა, რომელსაც შეეძლო ვარსკვლავი გამხდარიყო ჯერ სტუდენტურ ფეხბურთში და შემდეგ პროფესიულ ლიგაში.