ექვს ერში იტალიის ნაკრების მორიგი წარუმატებელი სეზონის შემდეგ, უცხოელ გულშემატკივრებში, პრესასა თუ სპეციალისტებში კვლავ გააქტიურდა საუბრები მისი სხვა გუნდით ჩანაცვლების, ან ფორმატის შეცვლის შესახებ.
აღნიშნულთან დაკავშირებით ფრანგულმა გამოცემა „ლა პარიზიენმა“ სტატია მოამზადა, სადაც ტურნირში საქართველოს ჩართვის შესაძლებლობები განიხილა. საქართველოს პირველი არხი სტატიის თარგმანს გთავაზობთ:
იტალიის ნაკრების ბოლო დროინდელმა სუსტმა თამაშმა ექვს ერში, მორიგი პოლემიკა გამოიწვია. საქართველოს რაგბის კავშირს სურს, რომ მათი ნაკრების ტურნირზე მონაწილეობის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს. წლევანდელ „ექვს ერში“ იტალიის ნაკრების წარუმატებლობას (ხუთი მატჩიდან ყველა წაგება, მხოლოდ ექვსი გატანილი ლელო და 34 გაშვებული) ძველი დებატების განახლება მოყვა: არიან თუ არა ისინი ღირსნი, რომ მონაწილეობა მიიღონ ამ შეჯიბრში!?
„ასე შორს ვერ წავალთ. ყველა ამბობდა, რომ მათთვის დრო უნდა მიგვეცა, მაგრამ უკვე 21 წელია უარესი და უარესი ხდება“, – აცხადებს ირლანდიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ედი ო’სალივანი. უნდა შეიცვალოს თუ არა გუნდი, რომელმაც ტურნირზე უკვე ზედიზედ 32 თამაში წააგო, სხვა გუნდით? და თუ კი, ვისით?
პოტენციურ შემცვლელებად შემდეგ კანდიდატებს განიხილავენ – იაპონიას (შორი მანძილის მიუხედავად), რომელმაც საგრძნობლად აწია სათამაშო დონე (2019 წლის მსოფლიო თასის მეოთხედფინალისტია) და სურს შეუერთდეს დიდ საერთაშორისო შეჯიბრს; ან ფიჯის, სანახაობრივ გუნდს, რომლის მოთამაშეების უმეტესობა ევროპულ კლუბებში თამაშობს და ამ მხრივ უპირატესობა აქვს. მაგრამ ამ ეგზოტიკური ქვეყნების ექვს ერში ჩართვა, „ბებერი ევროპისთვის“ შეუსაბამო იქნება. კიდევ ერთი ლოგიკური პრეტენდენტი, რომელიც გამოიკვეთა, საქართველოა.
„თუ თქვენ კითხულობთ, იმსახურებს თუ არა საქართველო ექვს ერში მონაწილეობას, ჩემი პასუხი დადებითი იქნება – დიახ, საქართველომ ეს დაიმსახურა“, – აცხადებს საქართველოს რაგბის კავშირის ახლად არჩეული პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე. ის აღნიშნავს, რომ ექვსი ერის ოფიციოზთან არაოფიციალური დისკუსიები აქამდეც მიმდინარეობდა, თუმცა უახლოეს მომავალში ოფიციალური მოლაპარაკებების გამართვას აპირებს.
თავის მხრივ, „ექვსი ერის“ კომიტეტი გვარწმუნებს, რომ – „ეს საკითხი ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დგას“ – და თუ საქართველოს სურს ტურნირში ჩართვა, ამისთვის საჭიროა ოფიციალური მოთხოვნა გააკეთოს.
„ფიზიკური კონდიციის მიხედვით, ისინი არც თუ ისე შორს არიან”
ევროპის მეორე დივიზიონის მუდმივი ჩემპიონი ჯერჯერობით შორს არის ნამდვილი „ექვსი ერის“ დონისგან. ბოლო მატჩი იტალიასა და საქართველოს შორის ფლორენციაში, 2018 წლის ნოემბერში შედგა და „აძურიმ“ ანგარიშით 28:17 მოიგო. საქართველომ ამ თამაშის შემდეგ მსოფლიოს სარაგბო რეიტინგში მე-12-დან მე-15 ადგილამდე ჩაიჩოჩა.
გასული წლის ნოემბერში საქართველო მიწვეული იყო „შემოდგომის ერთა თასზე“, სადაც „ექვსი ერის“ გუნდებთან და ფიჯისთან ითამაშა, სადაც ინგლისთან, უელსთან და ირლანდიასთან სამი წაგების მიუხედავად, „ბორჯღალოსნები“ (lelos – საქართველოს ნაკრების მეტსახელი) საკმაოდ ღირსეულად წარსდგნენ.
სებასტიან ბრუნო, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მორკინალი და მწვრთნელი, „შემოდგომის ერთა თასისთვის“ საქართველოს ნაკრების შერკინებას ორი თვის განმავლობაში წვრთნიდა. გუნდს, რომელიც კოვიდ-პანდემიის გამო ექვსი თვის უთამაშებელი იყო.
„მათ ბევრი სამუშაო აქვთ, ასაწევია ტექნიკური ხარისხი, მაგრამ თუ ფიზიკური ძალიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ, ისინი არც თუ ისე შორს არიან. მათ სურთ ექვს ერში მონაწილეობა და ეს მათთვის დიდი პროგრესი იქნება“, – ამბობს ბრუნო.
პრობლემას წარმოადგენს ეკონომიკური მხარე. საქართველოში რაგბისადმი მედიის დაინტერესება ნაკლებია, ვიდრე იტალიაში და შესაბამისად, ნაკლებია სპონსორებიც. შესაძლოა ესეც იყოს მიზეზი, რომ საქართველოს რაგბის კავშირის ახალი პრეზიდენტი ექვსი ერის გაფართოებას უფრო ემხრობა, ვიდრე იტალიელების განაწყენებას
„საქართველოს, თავისი „მებრძოლი სულით“, „ექვსი ერის“ გაუმჯობესებაში საკუთარი წვლილის შეტანა შეუძლია. „ექვსი ერის“ კომიტეტმა უნდა გადაწყვიტოს, რა საშუალებით მოხდება ეს – დაქვეითების სისტემით, თუ ტურნირზე ორი გუნდის დამატებით, როგორც „შემოდგომის ერთა თასზე“ იყო. გულახდილად გითხრათ, ჩვენთვის სასურველი მეორე ვარიანტი იქნებოდა“.