ლაზარე კუპატაძე - ლუქსემბურგი ევროპაა და მისაღებიც ამიტომაა  
ლაზარე კუპატაძე - ლუქსემბურგი ევროპაა და მისაღებიც ამიტომაა  

არჩევანით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ და მიმაჩნია, რომ ლუქსემბურგში თამაში ევროპას დამაახლოვებს“ – ეს პირველ არხთან ლაზარე კუპატაძემ განაცხადა.

საქართველოს ნაკრების კანდიდატმა მეკარემ განვლილი სეზონის შემდეგ თბილისის „საბურთალო“ დატოვა და საფრანგეთის ლიგა 2-ის ლიდერ „მეცში“ დარჩენას იმედოვნებდა. თუმცა, საქართველოს ჩემპიონის ყოფილი კაპიტანი საბოლოოდ ლუქსემბურგის ჩემპიონატის ლიდერ „ჟენესში“ გადავიდა.

რატომ ჩაიშალა ფრანგული ვარიანტი, კუპატაძემ პირველ არხთან ამაზეც ილაპარაკა: „თავიდან ლუქსემბურგში წასვლაზე არც მიფიქრია. „მეცი“ რეალური ვარიანტი მეგონა, მაგრამ საბოლოოდ, რაღაც ვერ აეწყო და „ჟენესში“ წავედი. მაგრამ ვიცი, რომ ფრანგული კლუბი კიდევ მაკვირდება“.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის ქართველმა მეკარემ ლუქსემბურგის კლუბთან წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა: „ეს ჩემთვის მისაღები ვარიანტია, ლუქსემბურგში ფეხბურთი რომ ვითარდება, ეს ამ ქვეყნის ნაკრების ბოლოდროინდელი გამოსვლებიდან ჩანს. ასე რომ მიმაჩნია, რომ ამ ქვეყნის ლიდერ კლუბში გადასვლა ჩემთვის წინგადადგმული ნაბიჯია“.