ლაზარე კუპატაძე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნდა - „საბურთალომ“ „შუქურა“ დაამარცხა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მესამე ტურში „საბურთალო“ ქობულეთის „შუქურას“ დაუპირისპირდა და სეზონში პირველი გამარჯვებით სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა – 2:1.
მოედანს თითქმის რვათვიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ნაკრების კანდიდატი, მეკარე ლაზარე კუპატაძე დაუბრუნდა. 26 წლის გოლკიპერმა ბოლო შეხვედრა კონფერენსლიგაზე ბათუმის „დინამოში“ 2022 წლის 21 ივლისს პოზნანის „ლეხის“ წინააღმდეგ ჩაატარა და მას შემდეგ უგუნდოდ იყო. ახალი სეზონიდან კი კუპატაძე „საბურთალოში“ გამოჩნდა.
ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში გამართულ შეხვედრაში თბილისელები მე-8 წუთზე ლუკა სილაგაძემ დააწინაურა. „შუქურამ“ 27-ე წუთზე წონასწორობა გიორგი ჯანელიძის გოლით აღადგინა, მაგრამ ხუთ წუთში ირაკლი სიხარულიძემ სტუმართა კარი მეორედ აიღო და „საბურთალომ“ ტაიმი 2:1 მოიგო.
შესვენების შემდეგ ქობულეთელებმა დიდი ძალებით შეუტიეს და ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსიც ჰქონდათ, მაგრამ ბანტუ მზვაკალის და ალეკო ჩაკვეტაძის მცდელობები უშედეგოდ დასრულდა. ბოლო წუთებზე მომენტები „საბურთალოს“ მოთამაშეებმაც გაანიავეს და ანგარიში აღარ შეცვლილა.