ლატვიურმა კლუბმა, „ლიეპაიამ“ ვაჟა ფაცაცია წარადგინა. 25 წლის ქართველი მცველი ბოლოს საქართველოს ეროვნულ ლიგაში, „თელავში“ თამაშობდა.
„25 წლის ფეხბურთელი ტაქტიკური განათლებითა და პროფესიონალიზმით გამოირჩევა. ის მრავალმხრივი მოთამაშეა, რომელსაც სხვადასხვა პოზიციაზე თამაში შეუძლია. ვაჟამ „ლიეპაიაში“ ჩატარებულ ორ ამხანაგურ მატჩში თავისი უნარები სათანადოდ გამოავლინა“, – წერია კლუბის განცხადებაში.
ვაჟა ფაცაციას გარდა, გუნდში წელს მიიწვიეს ლუკა სილაგაძე, რატი არდაზიშვილი და ანდრია ხორხელი. ფაცაცია უცხოეთში ძალას პირველად მოსინჯავს, აქამდე ის საქართველოს კლუბებში თამაშობდა – მარტვილის „მერანში“, ბათუმის „დინამოსა“ და „თელავში“.
„გვინდა, თითოეულ რგოლში დიდი კონკურენცია იყოს, რათა ყველა მოთამაშემ გაიაზროს, რომ შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არავის აქვს და მოდუნება დაუშვებელია. ვაჟა დაცვაში კონკურენციას გაზრდის, ის კვალიფიციური ფეხბურთელია, თამაშს კარგად კითხულობს და ყოველთვის მზადაა, ბოლომდე იბრძოლოს“, – ამბობს „ლიეპაიას“ მწვრთნელი თამაზ პერტია.
„რა თქმა უნდა, გუნდი ძალიან მომწონს. აქ შესანიშნავი ატმოსფეროა. მართალია, თითოეული ფეხბურთელი გუნდში ადგილისთვის იბრძვის, მაგრამ ამავდროულად ყოველთვის მზადაა, კონკურენტს დაეხმაროს. ვფიქრობ, პირველ ამხანაგურ შეხვედრებში ვაჩვენეთ, რომ „ლიეპაიას“ დიდი პოტენციალი აქვს“, – განაცხადა ვაჟა ფაცაციამ.