ლატვიის ნაკრების მწვრთნელი - საქართველო ძლიერია, მაგრამ მოგებისთვის ვიბრძოლებთ
საქართველოს ეროვნული ნაკრები რიგაშია და ერთა ლიგის D დივიზიონის მეოთხე ტურის მატჩისთვის ემზადება, სადაც ლატვიას „დაუგავას სტადიონზე“ დაუპირისპირდება.
საქართველოსთან მატჩამდე, ლატვიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – მიქსუ პაატელაინენმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტთა შეკითხვებს უპასუხა.
„საქართველომ ერთა ლიგის გათამაშება ძალიან კარგად დაიწყო და გამოჩნდა, რომ ძლიერი გუნდია, რომლის ფეხბურთელებიც ცნობილ გუნდებში გამოდიან და ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავს. მაგრამ ლატვიის ნაკრები ყველა მატჩში მოგებისთვის იბრძვის და ჩვენი მიზანი ხვალაც ეს იქნება – გამარჯვებისთვის ვითამაშოთ. ამიტომაც, სხვა სტილით უნდა ვითამაშოთ, ვიდრე თბილისში ჩატარებულ მატჩში“ – ამბობს პაატელაინენი.
ლატვიისა და საქართველოს დაპირისპირება ხვალ, 16 ოქტომბერს „დაუგავა სტადიონზე“ გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს, თბილისის დროით 22:45 საათზე პირველი არხი შემოგთავაზებთ.