ლატვიიდან დაბრუნებული რატი არდაზიშვილი „სამტრედიაში“ ითამაშებს #1TVSPORT
რატი არდაზიშვილი „სამტრედიაში“ ითამაშებს – 26 წლის შემტევ ნახევარმცველი, რომელსაც საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები, ბოლოს ლატვიის ჩემპიონატში, „ლიეპაიაში“ გამოდიოდა.
არდაზიშვილმა ახალ კლუბში პირველი თამაში საქართველოს თასის 1/16-ფინალში ჩაატარა, სადაც „სამტრედიამ“ სტუმრად დუშეთის „არაგვი“ 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.
ეროვნული ლიგის განახლებამდე „სამტრედიამ“ კიდევ ხუთი ახალი მოთამაშე დაიმატა. სამტრედიელებმა ქუთაისის „ტორპედოდან“ იჯარით მცველი ლუკა ელბაქიძე და კამერუნელი ფრანსუა ეკონგოლო დაიმატეს.
გუნდს სამი ახალი ლეგიონერი ჰყავს – 25 წლის ესპანელი ფორვარდი ინიგო მარტინი, 21 წლის განელი ნახევარმცველი ჟოზეფ ამოაკი და ბრაზილიელი თავდამსხმელი ნათან მელო.
„სამტრედიამ“ ახალგაზრდული გუნდიდან ადგილობრივი მოთამაშები – ცოტნე სულაქველიძე, გენადი გაგუა, გიორგი ჩხაიძე, დემეტრე მეფარიშვილი და ჯემალ ჩაჩუა დააწინაურა.
შეგახსნებთ, რომ „სამტრედია“ საქართველოს თასის 1/8-ფინალში 27 ივლისს საგარეჯოში „გარეჯს“ დაუპირისპირდება, ხოლო ეროვნულ ლიგას 4 აგვისტოს ქუთაისის „ტორპედოსთან“ გასვლითი მატჩით განაახლებს.