ლატვია და ყაზახეთი შანსებს აღარ ახსენებენ - მწვრთნელები თავის მართლების რეჟიმში არიან (ვიდეო)

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე რაუნდის მატჩში, რომელიც რიგაში გაიმართა, ერთმანეთს საქართველოს ნაკრების კონკურენტები შეხვდნენ – ლატვიამ ყაზახეთი მიიღო.

ბახტიარ ზაიუნიტდინოვმა მე-16 წუთზე ყაზახები დააწინაურა, მე-40 წუთზე კი ლატვიელთა თავდამსხმელმა არტურას კარაშაუსკასმა წონასწორობა აღადგინა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. ამით ორივე გუნდმა ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლის შანსი, ფაქტობრივად, დაკარგა.

საინტერესო გამოდგა მეტოქეთა გუნდის მწვრთნელების მატჩის შემდგომი კომენტარები – ისინი ჯგუფიდან გასვლის შანსებზე აღარ ლაპარაკობენ და წარუმატებელი თამაშის გამო თავს იმართლებენ.

სტანიმირ სტოილოვი, ყაზახეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი: „ვფიქრობ, კარგი ფეხბურთი და ბრძოლა ვიხილეთ. ორივე გუნდი შეტევას ცდილობდა. მეტი შანსი ჩვენ გვქონდა. დღეს მეტი მომენტი შევქმენით, ვიდრე ანდორასთან. მაგრამ გადახედეთ ყაზახეთის წამყვან გუნდებს, „კაირატსა“ და „ასტანას“ – იქ ძირითადად ლეგიონერები თამაშობენ. ასეთ პირობებში ძლიერი ნაკრების ჩამოყალიბება ძალიან ძნელია“.

მიკსუ პაატელაინენი, ლატვიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: „მძიმე ბრძოლა იყო. ვამაყობ ჩემი გუნდის მონდომებით და ბრძოლისუნარიანობით. ყაზახეთის ნაკრები უფრო სწრაფია, ვიდრე ჩვენ და კარგი მოთამაშეები ჰყავთ. ეს დღეს საკუთარ თავზე შევიგრძენით. ამიტომ შეგვიძლია ვიამაყოთ შედეგით და ჩვენი თამაშით. თუმცა, ფეხბურთელები ამბობენ, რომ ყაზახებმა გოლი ხელით გაიტანეს“.

16 ოქტომბერს, საქართველო რიგაში ლატვიას შეხვდება, ხოლო ყაზახეთი თავის მოედანზე ანდორას მიიღებს.