ლაშა თოთაძე ისევ „დინამოში“ ითამაშებს - ჩემი ოცნებაა, კარიერის ბოლომდე ამ გუნდს ვემსახურო
ლაშა თოთაძემ თბილისის “დინამოსთან” ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი. დასრულებული 2017 წლის სეზონში ის თბილისელთა საუკეთესო მცველი გახლდათ.
28 წლის წლის თოთაძე თბილისის “დინამოში” წლეულს დაბრუნდა და ერთი პერიოდი გუნდის კაპიტანიც გახლდათ. მან კარგი სეზონი ჩაატარა, თბილისელებისთვის მნიშვნელოვანი რამდენიმე გოლის ავტორი გახლდათ და წლის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ლაშა თოთაძის დამატება ეროვნულ ლიგაში გადასულ “რუსთავს” სურდა. ფეხბურთელის თქმით, “რუსთავის” გარდა, შემოთავაზება ირანის კლუბებიდანაც ჰქონდა.
“დინამოსთან” კონტრაქტი 31 დეკემბერს ეწურებოდა. მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდა და კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ – თოთაძის ახალი ხელშეკრულება ორწლიანია.
“დინამო ჩემი მეორე სახლია. მოხარული ვარ, ჩვენი ურთიერთობა კვლავ რომ გრძელდება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს ახალგაზრდა თანაგუნდელებთან ერთად წინ არაერთი გამარჯვება გველის. ჩემის მხრივ, მათ ყველანაირად მხარში დავუდგები. ჩემი ოცნებაა, კარიერის ბოლომდე “დინამოს ” ვემსახურო” – ამბობს თოთაძე.