ლაშა ტალახაძე ბოგოტაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნდა [ვიდეო]

ლაშა ტალახაძე ბოგოტაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნდა.

ტალახაძემ აკვრაში საბოლოოდ 251 კგ დაძლია და მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ლაშა ტალახაძემ ატაცში – 215, აკვრაში 251 კგ დააფიქსირა და ორჭიდის ჯამში 466 კგ-ით ზედიზედ მეექვსედ იზეიმა მსოფლიო ჩემპიონობა.

ამავე შეჯიბრზე ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა გიორგი ჩხეიძემ, ხოლო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა ვერცხლის მედალი მიიღო.

„პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა ყველა ჩემს გულშემატკივარს გვერდით დგომისა და მხარდაჭერისთვის. მოვახერხეთ და შევძელით, რომ მეექვსედ შევინარჩუნეთ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული, რაც მთავარი მიზანი და გეგმა იყო. იქიდან გამომდინარე, რომ გარკვეული ტრავმები გვქონდა, ფსიქოლოგიური მომენტები იყო. რთული ბრძოლა იყო, ჩვენი მოწინააღმდეგეები ძალიან კარგ ფორმაში იყვნენ და რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ღირსეულ კონკურენციას გაგვიწევდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე. შევეცდები, ძველი ლაშა დავაბრუნო შემდეგ შეჯიბრზე, აუცილებლად ახალი რეკორდები და დიდი შედეგები მოვიპოვო“, – განაცხადა ლაშა ტალახაძემ.

ლაშა ტალახაძის მწვრთნელის, გიორგი ასანიძის თქმით, შეჯიბრზე საკმაოდ მაღალი კონკურენცია იყო და საქართველოს ნაკრებმა კარგი შედეგი აჩვენა.

„ვულოცავ ჩვენს გუნდს წარმატებას, ლაშას – მეექსვსედ მსოფლიო ჩემპიონობას, გიორგი ჩხეიძეს – ვიცე-ჩემპიონობას, ჩვენს ეროვნულ გუნდს – ვერცხლის მედალს გუნდურ ჩათვლაში. ძალიან მძიმე კონკურენცია იყო. დაიწყო ოლიმპიური ლიცენზიების ჩათვლა. ჩვენმა გუნდმა ამ მხრივ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ბევრმა დააგროვა სალიცენზიო ქულები. მადლობა მინდა, გადავუხადო, პირველ რიგში, ჩვენს ფედერაციას და ყველა ჩვენს მხარდამჭერს, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ოლიმპიურ კომიტეტს. მართალია, ძალიან მძიმე ნერვიულობა იყო, თუმცა შევპირდი ჩვენს გულშემატკივარს, რომ ეს იყო ბოლო ნერვიულობა ამ მხრივ, რომელიც განიცადა ჩვენმა გულშემატკივარმა. ლაშა გაცილებით მაღალი დონის სპორტსმენია და ლაშასთან ერთად ის ბიჭებიც, რომლებმაც ვერ მიაღწიეს წარმატებას. ვულოცავ მაინც ჩვენს გუნდს ამ ღირსეულ წარმატებას და წინ დიდი გზა გვაქვს ოლიმპიურ თამაშებზე“, – განაცხადა გიორგი ასანიძემ.