„საბურთალოში“ დაბრუნებულმა ლაშა შინდაგორიძემ ტრავმა მოირჩინა, მოედანს დაუბრუნდა და ჩვეულ ფორმას უბრუნდება. დედაქალაქურ კლუბში 2017-2019 წლებშიც თამაშობდა – მაშინ 29 წლის ფეხბურთელი შესანიშნავ ფორმაში იყო და გუნდის წინსვლაში დიდი წვლილი შეიტანა. ახლა იმედოვნებს, რომ კლუბი წარმატებებს წელსაც მიაღწევს.
– ტრავმის გამო დაახლოებით სამი თვე გამიცდა. მართალია, გუნდთან ერთად თურქეთში ვიყავი შეკრებაზე, მაგრამ ვერ ვვარჯიშობდი. მოსამზადებელი ეტაპი ჩამივარდა, თუმცა ახლა ნელ-ნელა შევდივარ ფორმაში და იმედი მაქვს მალე ძველებურად ავთამაშდები. მოტივირებული ვარ – მინდორზე დაბრუნება ძალიან მინდოდა.
– ჩემპიონატის სტარტიდან ხუთი ტური მიილია. დავინახე, რომ „საბურთალოს“ უფრო მეტი შეუძლია. ვფიქრობ, სანახაობრივ ფეხბურთს ვთამაშობთ და დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მოვუმატებთ. განვლილმა მატჩებმა დაგვანახა, რომ ჩემპიონობაც და თასის მოგებაც რეალურია. ევროტურნირებზეც რამდენიმე ბარიერის გადალახვა შეგვიძლია. განვლილ წლებს, რომ ვიხსენებ, „საბურთალოში“ მართლაც კარგად მახსენდება ყველაფერი – ჩემპიონობა, წინსვლა, გატანილი გოლები და კარგი თამაშები.
– „საბურთალო“ ყოველთვის შეკრული და მეგობრული გუნდი იყო და ამჯერადაც ასეა. განწყობა მშვენიერია, გვაქვს ჩვენი მიზანი, რისთვისაც ვიბრძვით. ატმოსფერო, რაც კლუბშია შექმნილი, მჯერა წარმატების მიღწევაში დაგვეხმარება. გუნდში გამოცდილი და კვალიფიციური ფეხბურთელები თამაშობენ, შეგვიძლია მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა.
– ძალიან მინდოდა სუპერთასის მოგება. იმ გუნდებთან ერთად, სადაც ვთამაშობდი, სამჯერ გავედი სუპერთასზე, მაგრამ ყველა შემთხვევაში ისე ხდებოდა, რომ ვერც ერთ სუპერთასზე ვერ ვითამაშე. ზოგადად, მინდა, რომ „საბურთალოსთან“ ერთად თასიც მოვიგო და ჩემპიონატიც. ბევრს მივაღწიო და კლუბის წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო.