ლაშა სალუქვაძე - საზონოვმა ევროპის კლუბებიდან რამდენიმე შეთავაზება მიიღო #1TVSPORT
ლაშა სალუქვაძე - საზონოვმა ევროპის კლუბებიდან რამდენიმე შეთავაზება მიიღო #1TVSPORT

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთმა მწვრთნელმა, ლაშა სალუქვაძემ განაცხადა, რომ საბა საზონოვმა ​ევროპული კლუბებიდან შეთავაზებები მიიღო, – ამის შესახებ მან Metaratings-თან ისაუბრა.

საქართველოს ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა და ეროვნული გუნდის ყოფილმა მცველმა, ლაშა სალუქვაძემ გუნდისთვის საბა საზონოვის მნიშვნელობასა და ევროპელების ინტერესზე ისაუბრა.

„საბა საზონოვი ძალიან კარგი პიროვნებაა. ის ამჟამად კარგ ფიზიკურ ფორმაშია და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა, ძლიერი მცველია და ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. მისი შეძენით სხვადასხვა კლუბები დაინტერესდნენ.

საბა ჯერ ტრანსფერზე არ ფიქრობს, რადგან ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე პლეი ოფის მატჩების მოლოდინშია. ვფიქრობ, საზონოვი საბოლოოდ კარგ გუნდში მოხვდება. მას ბევრი წინადადება აქვს, ძირითადად, ევროპიდან“, – განაცხადა საქართველოს ნაკრების ყოფილმა მცველმა.

საზონოვი სანკტ-პეტერბურგის „ზენიტის“ აკადემიის კურსდამთავრებულია. 2021 წლის ივლისში ის მოსკოვის „დინამოში“ გადავიდა, სადაც 21 წლის მცველმა ძირითად შემადგენლობაში 39 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

საზონოვის კონტრაქტი მოსკოვის „დინამოსთან“ 2024 წლის ივნისამდეა ძალაში. Transfermarkt-ი მოთამაშის საბაზრო ღირებულებას 2,5 მილიონ ევროდ აფასებს.