ლაშა სალუქვაძე - კვარაცხელიას ყველა თვისება აქვს, რომ მაღალ დონეზე ითამაშოს
ყაზანის „რუბინისა“ და საქართველოს ნაკრების ყოფილმა მცველმა ლაშა სალუქვაძემ ყაზანური კლუბის თავდამსხმელ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე საკუთარი აზრი გამოთქვა.
„კვარაცხელია ძალიან ნიჭიერი ბიჭია. ვფიქრობ, ახლა მსგავსი ტალანტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რუსეთშიც არაა. მნიშვნელოვანია, რომ ის საქმეს ძალზე პროფესიულად ეკიდება. ამის თქმა კი ყველა ახალგაზრდაზე არ შეიძლება. მაგალითად, ცხოვრობს ბაზაზე, სასიამოვნო ახალგაზრდაა ურთიერთობაში და ყველა თვისება აქვს, რომ მაღალ დონეზე ითამაშოს“, – ციტირებს სალუქვაძეს Metaratings.ru.
ვეტერანი ფეხბურთელის თქმით, ხვიჩა კვარაცხელიას გამოჩენა ქართულ ფეხბურთში დაწყებული რეფორმების პირველი შედეგია.
„მას საქართველოში ძალიან აფასებენ და უკვე ბევრი პირადი თაყვანისმცემელიც გამოუჩნდა. მაგრამ არა მხოლოდ მას, არამედ დავითაშვილსაც აკვირდებიან. მასაც ყველაფერი წინ აქვს და ეს შემთხვევითი არაა. ჩვენი ახალგაზრდული ნაკრებები კარგ დონეზე თამაშობენ. ბოლო წლებში ბევრი ახალი ბაზა და სტადიონი აშენდა, ფედერაციამ ფეხბურთელთა გაზრდაზე დაიწყო მუშაობა. ჩანს, რომ პირველი შედეგები უკვე გამოჩნდა. დავითაშვილისა და ხვიჩას გარდა, არის ახალგაზრდა ჩაკვეტაძეც, რომელიც ბელგიაში თამაშობს“, – აცხადებს სალუქვაძე.