ლაშა სალუქვაძე - კარგია, რომ ვოლკოვი საქართველოს ნაკრებში ათამაშეს #TVSPORT
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების, თბილისის „დინამოს“ და აზერბაიჯანული „ინტერის“ ყოფილმა მცველმა, ლაშა სალუქვაძემ „აზერისპორტთან“ საქართველოს ნაკრებში დავით ვოლკოვის სადებიუტო მატჩები შეაფასა. „ზირას” ფორვარდი შვედებთან მატჩში კარგად ჩაერთო, ხოლო უზბეკეთთან ამხანაგურ მატჩში გამარჯვების გოლი გაიტანა.
„ვოლკოვი ძალიან კარგი ფეხბურთელია. ის სწრაფი ფორვარდია, ბევრ გოლს იტანს და თავით კარგად თამაშობს. კარგია, რომ საქართველოს ნაკრებში ითამაშა. აშკარაა, რომ ვილი სანიოლი აზერბაიჯანის ჩემპიონატს უყურებს“, – განაცხადა ლაშა სალუქვაძემ.
ვეტერანმა ფეხბურთელმა მოსაზრება გამოთქვა, აქამდე აზერბაიჯანის ჩემპიონატიდან საქართველოს ნაკრებში ფეხბურთელებს რატომ არ იწვევდნენ:
„საქართველოს ნაკრებში დიდი კონკურენცია იყო და კარგი თავდამსხმელები გვყავდა, რომლებიც ძლიერ ლიგებში თამაშობდნენ. ალბათ, აზერბაიჯანში მოთამაშე ფეხბურთელებს ამიტომ არ იწვევდნენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ცუდი ფეხბურთელები იყვნენ“.
მან გიორგი ადამიას მაგალითი გაიხსენა:
„მახსოვს, აზერბაიჯანში გიორგი ადამია როგორ თამაშობდა. სხვა ძლიერი მოთამაშეებიც იყვნენ. არ ვიცი, რატომ თამაშობს ახლა უფრო ნაკლები ქართველი ფეხბურთელი აზერბაიჯანში, ვიდრე ადრე, მაგრამ ფაქტია, რომ თქვენს ქვეყანაში ყველა ქართველი კარგად გამოდიოდა“.