ლაშა სალუქვაძე - დროა, ვოლკოვმა თავი უფრო ძლიერ ლიგებში გამოსცადოს #1TVSPORT
ლაშა სალუქვაძე - დროა, ვოლკოვმა თავი უფრო ძლიერ ლიგებში გამოსცადოს #1TVSPORT

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და „დინამო თბილისის“ ყოფილმა მცველმა, ლაშა სალუქვაძემ (თამაშობდა აზერბაიჯანის „ინტერში“, ახლანდელ „შამახში“) „აზერისპორტთან“ „ზირას“ ფორვარდის დავით ვოლკოვისა და „ყარაბაღის“ მეკარე ლუკა გუგეშაშვილის შესახებ ისაუბრა და უცნაურ კითხვასაც უპასუხა.

„აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის ბომბარდირებს კარგად ვიცნობ. ვოლკოვი ძალიან კარგი თავდამსხმელია. რაც შეეხება ახალ კლუბს, ვფიქრობ, დროა თავი უფრო ძლიერ ლიგებში გამოსცადოს. ვფიქრობ, მას შეუძლია ამის გაკეთება. რაც შეეხება ლუკა გუგეშაშვილს, ის კარგი მეკარეა და პოტენციალი აქვს. საქართველოს ნაკრებში დიდი კონკურენციაა. ის ფაქტიც კი, რომ გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ ძირითად შემადგენლობაში თამაშობს, არ აძლევს ეროვნული ნაკრების პირველი მეკარეობის გარანტიას. მოკლედ, ბევრი კარგი მეკარე გვყავს“, – ამბობს სალუქვაძე.

ვეტერან ქართველ მცველს საკმაოდ უცნაურ კითხვაზე მოუხდა პასუხის გაცემა – „ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ ითამაშებს. ექნებოდა თუ არა მას ასეთი შანსი, აზერბაიჯანის ნაკრებში რომ ეთამაშა?“. უცნაური ისაა, რომ ხვიჩას საქართველოს ნაკრების გარდა არსად თამაშზე არ უფიქრია.

„ვიცი, რომ ბადრი კვარაცხელია აზერბაიჯანის ნაკრებში თამაშობდა. ის ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო. მიხარია, რომ მისი შვილი ხვიჩა საქართველოს ნაკრებში თამაშობს, მომავალ სეზონში კი იტალიურ „ნაპოლიში“ ითამაშებს. ექნებოდა თუ არა მას ასეთი შანსი აზერბაიჯანის ნაკრებში რომ ეთამაშა? ამაზე ვერაფერს ვიტყვი“, – ტაქტიანად უპასუხა სალუქვაძემ, რომელიც ახლა საქართველოს ასაკობრივი ნაკრების სამწვრთნელო სტაფის წევრია.