ლაშა ოდილაძე - დვალი და ზივზივაძე უფრო ძლიერ ჩემპიონატში თამაშს იმსახურებენ #1TVSPORT
ლაშა დვალით და ბუდუ ზივზივაძით ევროპის წამყვანი ლიგების კლუბები დაინტერესდნენ, მაგრამ ქართველი ფეხბურთელები კლუბებთან მოქმედი კონტრაქტის დასრულებას დაელოდებიან – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან საფეხბურთო მენეჯერმა, ლაშა ოდილაძემ განაცხადა.
„ერთა ლიგის ახალი გათამაშება საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგად დაიწყო – გუნდი ლამაზ ფეხბურთს თამაშობს და შედეგიც აქვს. ჩეხეთსა და ალბანეთთან გამარჯვებების შემდეგ რამდენიმე კლუბის წარმომადგენელი დამიკავშირდა, ასეთი ინტერესი ქართველი ფეხბურთელების მიმართ აქამდე არ ყოფილა.
გულშემატკივარს აინტერესებს, ბუდუ ზივზივაძემ და ლაშა დვალმა ევრო 2024-ის შემდეგ კლუბები რატომ არ შეიცვალეს. ამ ბიჭებს სხვა ამბიცია აქვთ – მათ ევროპის ტოპ 5 ლიგაში თამაში ურჩევნიათ და ამას იმსახურებენ, თორემ საშუალო დონის გუნდებიდან წინადადებები ისედაც მრავლად იყო.
მაგალითად, დვალს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში იწვევდნენ და დიდ ხელფასს სთავაზობდნენ. ევროპის ჩემპიონატზე და ერთა ლიგაზე ლაშამ დაამტკიცა, რომ მაღალ დონეზე შეუძლია თამაში. მას კლუბთან კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ უმთავრდება და დარწმუნებული ვარ, ევროპის წამყვან ჩემპიონატში ითამაშებს.
„კარლსრუესთან“ კონტრაქტი ზივზივაძესაც ერთი წლის შემდეგ უმთავრდება. ბუდუს ბუნდესლიგასა და საფრანგეთის ლიგა 1-ში იწვევდნენ, მაგრამ ამ ეტაპზე თავი შეიკავა. მოსაფიქრებლად დრო გვაქვს, თუ „კარლსრუე“ ბუნდესლიგაში დაბრუნდება, ზივზივაძე ამ გუნდში თავს კარგად გრძნობს და, შესაძლოა, დარჩეს“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ლაშა ოდილაძემ.