ლაშა გოდუაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე წიგნი „კვარადონა“ გამოსცა - მთელი საქართველო მისი ჯადოქრობების მოლოდინში საათებს ვითვლიდით #1TVSPORT
ლაშა გოდუაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე წიგნი „კვარადონა“ გამოსცა - მთელი საქართველო მისი ჯადოქრობების მოლოდინში საათებს ვითვლიდით #1TVSPORT

ლაშა გოდუაძემ, რომელიც საფეხბურთო თემაზე რამდენიმე წიგნის ავტორია, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ხვიჩა კვარაცხელიასადმი მიძღვნილი წიგნის, „კვარადონას“ პრეზენტაციაზე ისაუბრა.

„ჩემი ბოლო წიგნი „კვარადონა“ იტალიაში ხვიჩა კვარაცხელიას სადებიუტო სეზონზეა, რომელიც, ჩვენდა გასახარად, არნახულად დასრულდა – ქართული ფეხბურთის იმედი სერია A-ს ჩემპიონი გახდა, იტალიის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, უეფა-მ კი ჩემპიონთა ლიგის რჩეულ ახალგაზრდად დაასახელა.

ხვიჩას პირველი ნეაპოლური თამაშიდან დაწყებული – შარშან, 15 აგვისტოს, ვერონაში – პატარა ჩანახატებს ვაკეთებდი და ამ წიგნში სწორედ ის ჩანაწერებია თავმოყრილი. ამასთანავე, ის ტექსტიც, ხვიჩას იტალიაში გადასვლამდე რომ დავწერე, როცა ის ჯერ კიდევ რუსეთში თამაშობდა და ათასობით გულშემატკივარს ერთი სული გვქონდა, როდის გაეცლებოდა იქაურობას.

წიგნშია შესული ფეხბურთის სპეციალისტების (გარი ლინეკერი, რაფაელ ბენიტესი, მარკო ვან ბასტენი, ფაბიო კაპელო და სხვები) კომენტარები, რომლებიც ტრიუმფალური სეზონის მსვლელობის დროს ხშირად მხვდებოდა ხვიჩას თამაშების შემდეგ და რომლებსაც ცალკე ვინახავდი.

ფოტოების ნახევარი ჩემი გადაღებულია, როცა ნეაპოლში ვიმოგზაურე. ამას გარდა, ტექსტები იტალიური ჟურნალ-გაზეთების იმ გვერდებით და ფოტოკოლაჟებით გავაფორმე, სადაც ხვიჩა მხოლოდ აღმატებით ხარისხშია მოხსენიებული. ასეთებიც ათეულობით იყო. მსურდა, ფეხბურთის მოყვარულებს წიგნის სახით დაგვრჩენოდა ის გემრიელი მოგონებები, რომლებიც 2022-2023 წლების „ნაპოლის“ ცქერაში ბლომად დაგვიგროვდა.

აქვე, ჩემს აზრსაც გაგანდობთ. მგონია, რომ ქართული ფეხბურთის ისტორიაში, საბჭოთა წლების ჩათვლით, ხვიჩა კვარაცხელიამდე არავის ჩაუტარებია ერთი კონკრეტული სეზონი ასე მაღალ დონეზე. „კვარადონა“, რომლის რედაქტორიც თენგიზ პაჭკორია გახლავთ, ორენოვანი გამოცემაა. ჩანახატები იტალიურად ჟურნალისტმა სალომე ხარატიშვილმა თარგმნა, იტალიური ტექსტის რედაქტორი კი სიმონე მელონია. მადლობა მათ თანამშრომლობისთვის და მსურს, მადლიერების გრძნობით მოვიხსენიო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროც, რომლის მხარდაჭერითაც გამოიცა ეს წიგნი.

მადლობა პრეზენტაციის მასპინძელსაც – ფანების ბარს, ასევე ჩემს კოლეგებს, მეგობრებს, სამინისტროს და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს, ყველა სტუმარს, რომლებმაც გამონახეს დრო და მეწვივნენ. სიამაყით დავწერ იმაზეც, რომ წიგნის ყდაზე ჩემი შვილის ნახატია. ვთხოვე, ეცადა და, მგონი, ურიგოდ არ გამოუვიდა.

იმ ბიჭს კი, ვისაც ეს გამოცემა ეძღვნება, უფრო დიდ გამარჯვებებს, აღიარებებს და ზაფხულში ევროპის ჩემპიონატზე თამაშს ვუსურვებ! ის, რაც მან გასულ სეზონში მოახერხა, როცა ლამის მთელი საქართველო დღეებს და საათებს ვითვლიდით მისი ჯადოქრობების მოლოდინში, პირადად მე პირველად ვნახე“, – წერს ლაშა გოდუაძე.