„ფერენცვაროშმა“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო, მაგრამ ლაშა დვალი გუნდთან ერთად არ იმყოფება. უნგრული გამოცემების ინფორმაციით, ქართველმა მოთამაშემ უნგრეთის ჩემპიონის რიგები დატოვა.
„ფერენცვაროშმა“ მეორე საზაფხულო შეკრება ავსტრიაში დაიწყო. უნგრეთის ჩემპიონი და ქვეყნის თასის მფლობელი ტიროლში მოსამზადებლად მატარებლით გაემგზავრა, სადაც სამ საკონტროლო მატჩს გამართავს.
ამასობაში ლაშა დვალი ახალ გუნდს მოძებნის. გამოცემა nemzetisport-ის ცნობით, დვალს „ფერენცვაროშთან“ კონტრაქტი დაუსრულდა და გუნდი დატოვა. შეგახსენებთ, რომ უნგრეთში მოღვაწე საფეხბურთო მენეჯერმა, ლაშა ოდილაძემ საქართველოს პირველ არხთან განაცხადა, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრების მცველით პოლონეთის და უნგრეთის გუნდები დაინტერესდნენ.
ლაშა დვალმა უცხოეთში კარიერა 2013 წლიდან დაიწყო. ინგლისურ „რედინგთან“ კონტრაქტის გაფორმების მიუხედავად, სამუშაო ვიზა ვერ მიიღო და იჯარით თამაშობდა რიგის „სკონტოსა“ და „ქასიმფაშაში“, შემდეგ იყო მეორე ბუნდესლიგის „დუისბურგი“, პოლონეთის „სლასკი“ და „პოგონი“, ყაზახეთის „ირტიში“, უნგრეთის ჩემპიონ „ფერენცვაროშში“ კი 2019 წელს ჩაირიცხა.
დვალი საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო. უთამაშია 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე. ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში 2015 წლიდან იწვევენ და მისი ფორმით 22 ჩატარებულ მატჩში ერთი გოლი გაიტანა.