ლაშა დვალიშვილმა „ტორპედოს“ სპორტული დირექტორის პოსტი დატოვა #1TVSPORT
„ტორპედოს“ სპორტულმა დირექტორმა, ლაშა დვალიშვილმა საქართველოს პირველ არხთან დაადასტურა, რომ თანამდებობა დატოვა.
„ეს გადაწყვეტილება კლუბის პრეზიდენტმა მიიღო და ახალი წლიდან „ტორპედოში“ აღარ ვიმუშავებ. რა იყო ამის რეალური მიზეზი ნამდვილად ვერ გეტყვით და სიმართლე გითხრათ, არც დავინტერესებულვარ.
„ტორპედოში“ სპორტული დირექტორის სტატუსი კი მქონდა, მაგრამ აღმასრულებელი დირექტორის ფუნქციებსაც ვასრულებდი – ჩართული ვიყავი საორგანიზაციო საკითხებში, რაც საერთოდ არ არის სპორტული დირექტორის მოვალეობა. ვთვლი, რომ გუნდისთვის საკმაოდ ნაყოფიერად და წარმატებულად ვიმუშავე. ამ ხნის მანძილზე ვერავინ იტყვის, რომ საქმეს არაპროფესიონალურად ვუდგებოდი ან რამეს ვაკლებდი, თუმცა ფეხბურთია და განსაკუთრებით ქართულ ფეხბურთში ყველაფერი ხდება.
მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც მომიწია „ტორპედოში“ ამ დაუვიწყარი პერიოდის გატარება, გულშემატკივრებს, რომელიც კლუბის ისტორიის განუყოფელი ნაწილია, თითოეულ ქუთაისელს, ვინც ძალიან დიდი სითბო და სიყვარული გამოხატა ჩემ მიმართ. წარმატება მინდა ვუსურვო „ტორპედოს“ მომდევნო სეზონში, როგორც შიდა სარბიელზე ასევე ევროტურნირებზე“, – ამბობს ლაშა დვალიშვილი.
ლაშა დვალიშვილი წლების განმავლობაში საქართველოს პირველი არხის სპორტული გადაცემის წამყვანი იყო, მუშაობდა ფეხბურთის ფედერაციაში. „ტორპედოში“ 2021 წლიდან საქმიანობდა, სპორტულ დირექტორად კი 2023 წლის თებერვალში დაინიშნა.