ლაშა დვალის პერსპექტივა - ქართველ მცველს პოლონური და უნგრული გუნდები იწვევენ #1TVSPORT
ლაშა დვალს, რომელმაც უნგრეთის ჩემპიონ „ფერენცვაროშის“ დატოვება გადაწყვიტა, პოლონური და უნგრული გუნდები იწვევენ – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან საფეხბურთო მენეჯერმა, ლაშა ოდილაძემ ისაუბრა.
„დვალის პოტენციალი ყველამ იცის და მასთან უკვე პოლონურ და უნგრულ კლუბებს აქვთ მოლაპარაკება. დარწმუნებული ვარ, მალე კარგ გუნდში ვიხილავთ“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ლაშა ოდილაძე.
ქართველი მენეჯერის თქმით, რომელიც უნგრეთში ცხოვრობს, ლაშა დვალმა კარიერაში ყველაზე რთული პერიოდი გადაიტანა.
„ბევრს ჰგონია, რომ ლაშა მწვრთნელის უნდობლობის გამო არ თამაშობდა, რაც არასწორი ინფორმაციაა. სინამდვილეში მას გასულ სეზონში ძალიან არ გაუმართლა. ჯამში 9 თვე გაუცდა. თავიდან მუხლი ასტკივდა, მაგრამ ექიმებმა ოპერაცია არ ურჩიეს. თუმცა დაიწყო ვარჯიში და 2 თვეში მენისკის ტრავმა შეაჩერა. „ფერენცვაროშმა“ ლონდონში გაუშვა და ოპერაცია გაუკეთეს. შემდეგ ტრავმა მეორე ფეხზეც მიიღო, რასაც მოჰყვა კორონავირუსით ორჯერ ინფიცირება და დვალმა დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა იყო. ამის ფონზე სასიხარულოა,თბილისში ბულგარეთთან დამაჯერებლად რომ ითამაშა“, – აცხადებს ოდილაძე.
ლაშა დვალის კარიერა 2013 წლიდან უცხოეთს უკავშირდება. ჩაირიცხა ინგლისურ „რედინგში“, მაგრამ სამუშაო ვიზა ვერ მიიღო და იჯარით თამაშობდა რიგის „სკონტოსა“ და „ქასიმფაშაში“, შემდეგ იყო მეორე ბუნდესლიგის „დუისბურგი“, პოლონეთის „სლასკი“ და „პოგონი“, ყაზახეთის „ირტიში“, უნგრეთის ჩემპიონ „ფერენცვაროშში“ კი 2019 წელს ჩაირიცხა.
დვალი საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო. უთამაშია 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე. ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში 2015 წლიდან იწვევენ და მისი ფორმით 22 ჩატარებულ მატჩში ერთი გოლი გაიტანა.