ლაშა დვალის მენეჯერი - ლაშას გაშვება არც ჩერჩესოვს უფიქრია და არც „ფერენცვაროშს“ #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების მცველი ლაშა დვალი უნგრეთის ჩემპიონ „ფერენცვაროშს“ სატრანსფერო ფანჯრის დროს არ დატოვებს, რადგან მისი გაშვების საკითხი არც დამდგარა – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ფეხბურთელის მენეჯერმა, ლაშა ოდილაძემ განაცხადა.
„არასწორი ინფორმაცია გაავრცელა უნგრულმა გამოცემამ, რაც შემდეგ საქართველოშიც გავრცელდა, თითქოს, დვალი „ფერენცვაროშს“ ტოვებს. გაუგებარი იყო იმის წაკითხვაც, რომ ლაშა შეკრებაზე წაიყვანეს და ეს ისე იყო მიწოდებული, თითქოს, ბოლო შანსი მისცეს“, – განაცხადა ლაშა ოდილაძემ საქართველოს პირველ არხთან. მისი თქმით, დვალის გაშვება უნგრელებს და მათ ახალ მწვრთნელს, სტანისლავ ჩერჩესოვს არც უფიქრიათ:
„არც ისაა მართალი, თითქოს, ჩერჩესოვმა მისი დატოვება არ ისურვა. გაუგებარია ამ ინფორმაციის წყარო, რადგან დვალი მესამეხარისხოვანი მოთამაშე არ არის და უნგრეთის ჩემპიონში მას დიდ პატივს სცემენ. გუნდთან ერთად სამჯერ გახდა ჩემპიონი და მისი ფასი კარგად იციან“.
ოდილაძემ დვალის უთამაშებლობას მიზეზებზეც გააკეთა კომენტარი:
„მიზეზი ის კი არაა, რომ ლაშას კლასს უწუნებენ, არამედ ტრავმებია – 2021 წელს ორჯერ დაშავდა, მერე ამას კორონავირუსი დაემატა და ბუნებრივია, ვერ ითამაშებდა. თუმცა ამის მიუხედავადაც ლაშა „ფერენცვაროშში“ ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და მისით ინგლისის პრემიერლიგისა და ბელგიის გუნდები იყვნენ დაინტერესებული და სამწუხაროდ, ტრავმებმა ეს მოლაპარაკება ჩაშალა“.