ლაშა დვალი - სერბეთში მოსაგებად ვითამაშებთ #1TVSPORT
ლაშა დვალი - სერბეთში მოსაგებად ვითამაშებთ #1TVSPORT

კვიპროსის აპოელ-ის ქართველმა მცველმა, ლაშა დვალმა კვიპროსულ ტელეკომპანია „კაბლნეტთან“ ინტერვიუში კონფერენს ლიგაზე სერბულ „ვოივოდინასთან“ გამარჯვებასა (2:1) და საპასუხო შეხვედრაზე ისაუბრა.

„ეს პირველი ოფიციალური თამაში იყო, რომლის შემდეგაც თავს დაღლილად ვგრძნობ. ბედნიერები ვართ, რომ მოვიგეთ. რამდენიმე შეცდომა დავუშვით, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ სეზონი ამ შეხვედრით გავხსენით, ეს ნორმალურია. მთავარი ისაა, რომ „ვოივოდინასთან“ გამარჯვებას ვიმსახურებდით.

სერბეთში წავალთ იმ მიზნით, რომ ეს საკვალიფიკაციო ეტაპი გავიაროთ. უკვე დავისვენეთ და საპასუხო თამაშისთვის მზადებას ვიწყებთ. მიზანი შეცდომების გამოსწორება და განმეორებითი მატჩის სრული კონცენტრაციით ჩატარებაა.

გამარჯვებაში გულშემატკივრების მხარდაჭერა ძალიან დაგვეხმარა. მთავარია, ეს ეტაპი გავიაროთ. ვინ იქნება შემდეგი მეტოქე, ეს უკვე მეორეხარისხოვანია. ვგრძნობთ ახალი მწვრთნელის ხელს და მუშაობის შედეგს. აპოელ-ის თამაშის ახალი სტილი უფრო საინტერესოა“, – ამბობს ლაშა დვალი.

შეგახსენებთ, რომ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში აპოელ-მა „ვოივოდინა“ ქართველების გოლებით 2:1 დაამარცხა – 32-ე წუთზე ანგარიში გიორგი ქვილითაიამ გახსნა, საბოლოო შედეგი კი 65-ე წუთზე ლაშა დვალმა ეფექტური გოლით დააფიქსირა.

აპოელ-ისა და „ვოივოდინას“ წყვილში საუკეთესო სერბეთში გამოვლინდება. მატჩი ხუთშაბათს, 3 აგვისტოს გაიმართება. მომდევნო ეტაპზე გასული გუნდი კი გორის „დილასა“ და „ვორსკლას“ წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.