ერთა ლიგაზე რიგაში გამართულ მატჩში, საქართველომ მასპინძელი ლატვიის ნაკრები 3:0 დაამარცხა. ძირითად შემადგენლობაში ვლადიმირ ვაისმა პოლონური შჩეცინის „პოგონის“ მცველი, ლაშა დვალი დააყენა, რომელმაც ძალიან საიმედოდ ითამაშა.
23 წლის მცველმა ლატვიასთან მატჩსა და საკუთარ თამაშზე ილაპარაკა.
„ძალიან მნიშვნელოვანი მატჩები მოვიგეთ, როგორც ანდორის, ასევე ლატვიის ნაკრებებთან. მორიგი ქულები მოვიპოვეთ. სასიხარულოა, რომ ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე პირველი ადგილის მოპოვება რომ მოვახერხეთ. პოზიტიური და ნაყოფიერი კვირა გამოგვივიდა, წარმატებული სვლა მომავალშიც უნდა გავაგრძელოთ. კარგია, რომ წარმატებული სერია გავაგრძელეთ და კარი ამჯერადაც მშრალად შევინახეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩემს თამაშს რაც შეეხება, ვლადიმერ ვაისი მელაპარაკა და ვიცოდი, რომ ლატვიის წინააღმდეგ დამაყენებდა. მთავარი მწვრთნელის დავალება იყო, ძირითადი ყურადღება დაცვაზე გამემახვილებინა და თუ შესაძლებლობა იქნებოდ, შეტევაში ჩავრთულიყავი,“ – ამბობს დვალი.
მისი აზრით, საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელი წარმატება ერთსულოვნებამ განაპირობა – „გუნდი ერთ მუშტად არის შეკრული, ყველა ძალიან მონდომებული და მოტივირებულია. ბოლო პერიოდში ნაკრები სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს. გუნდი სწავლობს შედეგზე თამაშს. მჯერა, ერთმანეთის გვერდში დგომით, მონდომებითა და შრომით, სასურველ მიზანს მივაღწევთ. ევროპის ჩემპიონატის საგზურს ორი მოგება გვაშორებს. ყველასთან შეგვიძლია მაღალ დონეზე თამაში, ეს განვლილმა მატჩებმაც დაგვანახა. თუმცა, ვიდრე გადამწყვეტი მატჩები გვექნება, ასევე მნიშვნელოვანია ჯგუფში დარჩენილი ორივე შეხვედრა წარმატებით დავასრულოთ. ჯგუფური თამაშებიც უნდა მოვიგოთ, რათა სამომავლოდ რეიტინგში დავწინაურდეთ.“