ლაშა დვალი - ნაკრებში დიდი კონკურენციაა, მაგრამ მზად ვარ შემადგენლობისთვის ვიბრძოლო
ლაშა დვალისთვის მარტი წარმატებული გამოდგა. პოლონური “პოგონის“ 22 წლის ქართველი მცველი გუნდის გულშემატკივრებმა თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, ორჯერ ექსტრაკლასას სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, ხოლო საქართველოს ნაკრებში ტესტ-მატჩებში (ლიტვა-ესტონეთთან) თავი მშვენივრად წარმოაჩინა.
„ადრე ჩვენს ნაკრებს მსგავსი დონის გუნდებთან თამაშები უჭირდა. ახლა კი მეტოქეებს ერთი თავით ვაჯობეთ და სანახაობრივი ფეხბურთი ვაჩვენეთ – ისეთი, როგორიც ფეხბურთს ალამაზებს. ვფიქრობ, მთლიანობაში, თავი ნორმალურად წარმოვაჩინე. ჩემი მიზანია, სტაბილურად ვითამაშო და მწვრთნელის დავალებები შევასრულო. ეროვნულ ნაკრებში ცენტრალური მცველების პოზიციაზე დიდი კონკურენციაა. დღეს შეიძლება გუნდის განაცხადში ვიყო, ხვალ 18-კაციანი შემადგენლობის მიღმა დავრჩე ან ძირითადში ვითამაშო. ეს ჩვეულებრივი ამბავია და ბევრი რამ ჩემზეა დამოკიდებული. ამიტომ, საკუთარ თავზე ვმუშაობ. ამბიციები მაქვს და მზად ვარ შემადგენლობისთვის ვიბრძოლო ”, – ამბობს დვალი.