ლაშა დვალი და გიორგი ქვილითაია აპოელ-ის რიგებში კვიპროსის ჩემპიონები გახდნენ #1TVSPORT
ლაშა დვალი და გიორგი ქვილითაია კვიპროსის ჩემპიონები გახდნენ. ჩემპიონატის ბოლო ტურში მათმა გუნდმა, აპოელ-მა აეკ-თან ქულა მოიპოვა (1:1), რაც ცხრილში პირველი ადგილის გაფორმებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.
საჩემპიონო ჯგუფის 36-ე ტურში ერთმანეთს ჩემპიონობის უშუალო კონკურენტები დაუპირისპირდნენ. ორივე გუნდს 72 ქულა ჰქონდა, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით აპოელ-ი წინ იყო და ფრეც ხელს აძლევდა.
ორივე ქართველი ფეხბურთელი აპოელ-ის ძირითად შემადგენლობაში იყო. მატჩის მიწურულს მხოლოდ ქვილითაია (82-ე წუთზე) შეცვალეს. თამაში ნიქოზიელთათვის არასასურველი სცენარით დაიწყო. მე-5 წუთზე ანგარიში აეკ-მა ფარაჯის გოლით გახსნა. ოთხ წუთში მარკინიოსმა წონასწორობა აღადგინა და როგორც აღმოჩნდა, ეს შეხვედრაში უკანასკნელი გოლი იყო.
საბოლოოდ, აპოელ-მა და აეკ-მა ჩემპიონატი 73-73 ქულით დაასრულეს და ქართველების გუნდი ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები უკეთესი შედეგისა და ბურთების უკეთესი სხვაობის გამო ჩემპიონი გახდა. მომდევნო სეზონში აპოელ-ი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.