ლაშა დვალი აზერბაიჯანში გადასვლას უარყოფს - ინტერესი იყო, მაგრამ აპოელ-თან ერთად ჩემპიონობა მსურს #1TVSPORT
ნიქოზიის აპოელ-ის ქართველი მცველი ლაშა დვალი აზერბაიჯანის ჩემპიონ „ყარაბაღში“ გადასვლის შესახებ ინფორმაციას უარყოფს, – განცხადებას კვიპროსული გუნდის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი „ყარაბაღის“ წინადადებას დათანხმდა.
„აპოელ-ის ფეხბურთელისთვის აზერბაიჯანის ჩემპიონის წინადადება მისაღები აღმოჩნდა. „ფერენცვაროშის“ ყოფილმა მოთამაშემ „ყარაბაღის“ შემოთავაზებას დადებითად უპასუხა. სატრანსფერო თანხასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გრძელდება“, – ეს ინფორმაცია აზერბაიჯანულმა გამოცემა bizim.media-მ გაავრცელა.
ამავე წერილში ამტკიცებდნენ, რომ გარიგება 100 000 ევროს აღემატებოდა.
„სხვა გუნდთან ჩემი შეთანხმების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. ფაქტია, რომ იყო სხვა კლუბების ინტერესი, მაგრამ მე აპოელ-თან კონტრაქტი მაკავშირებს. ნებისმიერი დაინტერესებული ჯგუფი კლუბის ადმინისტრაციას უნდა დაუკავშირდეს. წასვლაზე არ ვფიქრობ, აპოელ-ისა და ჩვენი საერთო მიზნის ერთგული ვარ, მოდით, გავხდეთ ჩემპიონები“, – განაცხადა ლაშა დვალმა.