ეროვნულ საფეხბურთო ლიგა 3-ში დაქვეითებულ ლანჩხუთის ”გურიას” ახალი დირექტორი ჰყავს – ამიერიდან კლუბს დავით ყენია უხელმძღვანელებს.
სიახლე პირველ არხს ლანჩხუთის გამგებელმა, ალექსანდრე სარიშვილმა დაუდასტურა.
”ეროვნულ ლიგა 3-ში დაქვეითების შემდეგ ”გურიას” ხელმძღვანელობის საკითხი დაისვა. რამდენიმე კანდიდატურაზე იყო ლაპარაკი. საბოლოოდ, ჩვენი არჩევანი შეჩერდა დავით ყენიაზე, რომელიც კლუბში საინტერესო გეგმებით და ინიციატივებით მოვიდა. ჩვენი მთავარი ამოცანა კლუბის იმ სამაცხვინო მდგომარეობიდან გამოყვანაა, რომელშიც გასული სეზონის შემდეგ აღმოვჩნდით და რაც ”გურიას” ტრადიციას არაფრით არ ეკადრება” – ამბობს პირველ არხთან ალექსანდრე სარიშვილი.
39 წლის დავით ყენია წლების განმავობაში სპორტულ გამოცემებში მუშაობდა. ბოლო 10 წელია, საქმიანობის მიმართულება მკვეთრად შეცვალა და საფეხბურთო მენეჯერი გახდა. არის გიორგი ქინქლაძისა და გოგა გახოკიძის პარტნიორი და მათ მიერ დაფუძნებული სამენეჯერო სააგენტოსთან დღემდე თანამშრომლობს. უცხოეთში არაერთი ქართველი ფეხბურთელების წაყვანაში მონაწილეობდა. 2011-2012 წლებში ქუთაისის ”ტორპედოს” ტრანსფერების მენეჯერად მუშაობდა. ხოლო 2013 წელს დააარსა ტურისტული კომპანია, რომელიც თურქულ კურორტებზე ქართული გუნდების საწვრთნელ შეკრებებს უწევს ორგანიზებას.